სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
2 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
არსებობს თავისი მიზეზი იმისა, თუ რატომ არის ფეხბურთი მსოფლიოს ყველაზე წარმატებული და პოპულარული სპორტის სახეობა - ის არ დგას ერთ ადგილას.
მას შემდეგ, რაც 1955 წელს ჩატარდა პირველი ტურნირი, ცნობილი როგორც ევროპელი ჩემპიონების თასი, უეფა მუდმივად ავითარებს ჩემპიონთა ლიგას, რათა ფეხბურთში არსებულ ცვლილებებს კვალდაკვალ გაჰყვეს.
იმისთვის, რომ 2024/25 სეზონიდან, ფეხბურთელები, გულშემატკივრები და კლუბები ახალი ფორმატით კმაყოფილები დარჩნენ, უეფამ ხანგრძლივი კონსულტაციები გამართა ევროპული საფეხბურთო საზოგადოების მნიშვნელოვან წევრებთან. საბოლოოდ კი ფორმატი, შერჩევის სქემა და ევროთასების კალენდარი 2022 წლის 10 მაისს დამტკიცდა.
რა შეიცვლება ჩემპიონთა ლიგაზე 2024/25 სეზონიდან?
მთავარი ცვლილება, რომელიც უეფამ დააანონსა - ჯგუფურ ეტაპს ეხება, უფრო კონკრეტულად კი მის გაუქმებას. ისეთ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპს, როგორსაც აქამდე ვიყავით მიჩვეულები, ვეღარ ვიხილავთ. მოგეხსენებათ, აქამდე ტურნირში მონაწილეობას 32 გუნდი იღებდა, რომელიც 8 სხვადასხვა, 4-გუნდიან ჯგუფში იყო გადანაწილებული.
2024/25 სეზონიდან ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობას 36 გუნდი მიიღებს, რომლებიც ერთ დიდ ცხრილში იქნებიან განთავსებულები, რაც ტურნირზე მოხვედრის შანსს დამატებით ოთხ გუნდს გაუჩენს. 36-ვე კლუბი ითამაშებს ერთ დიდ ლიგაში, სადაც ყველა ერთმანეთს დაუპირისპირდება.
ახალი ფორმატით, ამ საერთო ეტაპზე (ყოფილ ჯგუფურ ეტაპზე), გუნდები 6-ს ნაცვლად 8 მატჩს გამართავენ. ისინი აღარ შეხვდებიან სამ სხვადასხვა მეტოქეს სახლში და გასვლაზე, როგორც აქამდე იყო. ნაცვლად ამისა, თითოეული გუნდი 8 მატჩს 8 სხვადასხვა გუნდის წინააღმდეგ ჩაატარებს - ოთხს საკუთარ კედლებში, ოთხს კი გასვლაზე. იმისთვის, რომ გუნდის 8-ვე მეტოქე გამოვლინდეს, თავდაპირველად გუნდები ოთხ სხვადასხვა კალათაში იქნებიან განთესილები. შედეგად, ერთი გუნდი თითო კალათიდან 2 მეტოქეს მიიღებს და ერთი კალათის გუნდებთან ერთ მატჩს სახლში ჩაატარებს, ერთს კი გასვლაზე.
უეფას გეგმის მიხედვით, ასე გუნდები უფრო ბევრი მეტოქის წინააღმდეგ მიიღებენ ძალების მოსინჯვის შანსს, გულშემატკივრებს კი, ტურნირის ადრეულ ეტაპზევე უფრო მეტი ტოპ-მატჩის ხილვის შესაძლებლობა მიეცემა. მაგალითისთვის, თუ მოქმედი ჩემპიონი მადრიდის რეალი პირველ კალათაში იქნება განთავსებული, ის პირველი კალათიდანაც ორ სხვა მეტოქეს დაუპირისპირდება, მეორედანაც, მესამედანაც და მეოთხედანაც.
ვინ მიიღებს ოთხ დამატებით ადგილს ჩემპიონთა ლიგაზე? (როგორც გითხარით, ტურნირზე ამიერიდან არა 32, არამედ 36 გუნდი იქნება)
ჩემპიონთა ლიგა მუდმივად გახსნილ ტურნირად დარჩება. გუნდები მასში მოხვედრას კვლავაც ეროვნულ ჩემპიონატებში დაფიქსირებული შედეგების მიხედვით გააგრძელებენ. 2024/25 სეზონიდან, დამატებითი ოთხი ადგილი კი სამი სხვადასხვა კრიტერიუმით გაიცემა:
საგზური 1: უეფას ეროვნული ასოციაციების რეიტინგში მე-5 ადგილზე მყოფი ქვეყანა მესამე საგზურს მიიღებს. მაგალითისთვის, თუ უეფას ასოციაციების რეიტინგში საფრანგეთი იქნება მე-5 ადგილზე, მას ტურნირზე ორის ნაცვლად, სამი გუნდის გაყვანის საშუალება მიეცემა.
საგზური 2: ერთ საგზურს მიიღებს ეროვნული ჩემპიონი, რომელიც ე.წ. ჩემპიონების გზით გადის კვალიფიკაციას, ასეთი საგზურების რაოდენობა ოთხიდან ხუთამდე გაიზრდება. კვალიფიკაცია კი ოთხი რაუნდისგან იქნება შემდგარი.
საზგური 3 და 4: დარჩენილ ორ ნაწილს მიიღებენ ჩემპიონატები, რომლებმაც წინა ევროტურნირების სეზონში ყველაზე მაღალი ქულა მოიპოვეს. მაგალითისთვის, წელს უეფას სამ ევროტურნირზე ყველაზე მაღალი ქულები იტალიის და გერმანიის ჩემპიონატმა დაიწერეს (თავისი გუნდების მიერ ევროტურნირებზე დაფიქსირებული შედეგების მიხედვით), რის გამოც, ახალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე გერმანიაც და იტალიაც 5-5 გუნდით იქნება წარმოდგენილი.
ვინ გადის პლეი-ოფში ახალი ფორმატით?
ყველა მატჩის შედეგად შედგება ლიგის საერთო ცხრილი, გუნდებს გამარჯვებისთვის კვლავაც 3 ქულა მიენიჭებათ, ფრეზე კი - თითო.
საერთო ცხრილის 8 საუკეთესო გუნდი პირდაპირ 1/8 ფინალში გავა. გუნდები, რომლებიც საერთო ცხრილში 9-24 პოზიციებს დაიკავებენ, ერთმანეთს პლეი-ოფის მატჩებში დაუპირისპირდებიან დარჩენილი 8 მერვედფინალისტის გამოსავლენად. უფრო მარტივად რომ გითხრათ, ცხრილში 9-24 პოზიციებზე გასული გუნდები ერთმანეთს 1/16 ფინალში, ორმატჩიან დუელში დაუპირისპირდებიან, რომელთა გამარჯვებულებიც პირველ 8 ადგილზე გასულ გუნდებს, მერვედფინალში დაუპირისპირდებიან.
გუნდები, რომლებიც 25-დან ქვემოთ ადგილებს დაიკავებენ, ევროტურნირების სეზონს დაასრულებენ, ევროპა ლიგაზე დაქვეითება ჩემპიონთა ლიგიდან გაუქმებულია.
უეფას იდეაა, რომ ახალი ფორმატი გუნდებს ე.წ. საერთო ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩებამდე დაუტოვებს მოტივაციას და ბოლო ტურამდე არ იქნება გადაწყვეტილი საუკეთესო 8 გუნდის ვინაობა.
9-24 ადგილებზე გასული გუნდების 1/16 ფინალურ დაპირისპირებისთვის გადასანაწილებლად შედგება კენჭისყრა, სადაც 9-16 ადგილებზე გასული გუნდები განთესილები იქნებიან და დაუპირისპირდებიან 17-24 ადგილებზე გასულ გუნდებს. საპასუხო მატჩებს განთესილი გუნდები საკუთარ კედლებში ჩაატარებენ. ამ პლეი-ოფის გამარჯვებული რვა გუნდი 1/8 ფინალში საერთო ცხრილში გასულ საუკეთესო 8 გუნდს დაუპირისპირდება. თავის მხრივ, ცხრილში პირველი 8 გუნდი მერვედფინალში განთესილი იქნება და პირველ მატჩებს სტუმრად ჩაატარებს, საპასუხოს კი - სახლში.
1/8 ფინალების შემდეგ, ჩემპიონთა ლიგა გათამაშდება ყველასთვის ნაცნობი ფორმატით - ორმატჩიანი დაპირისპირებები ფინალამდე, ფინალი კი ერთმატჩიანი, ნეიტრალურ სტადიონზე, რომელსაც უეფა წინასწარ აირჩევს.
ყველა მატჩი ფინალის გარდა, ისევე როგორც აქამდე, შუა კვირაში გაიმართება, ფინალი კი - ტრადიციულად შაბათს.
როგორი იქნება კალენდარი ახალი ფორმატით?
ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპის მატჩები სექტემბრიდან იანვრამდე გაიმართება. უეფას სამივე საკლუბო ტურნირს (ჩემპიონთა ლიგას, ევროპა ლიგას და კონფერენს ლიგას) ექნება ერთი ექსკლუზიური კვირა, როდესაც სხვა ევროტურნირის მატჩები არ გაიმართება და მთელი ყურადღება ერთს დაეთმობა.
სტანდარტულ სათამაშო კვირებში ჩემპიონთა ლიგის მატჩები სამშაბათს და ოთხშაბათს გაიმართება, ევროპა ლიგისა და კონფერენს ლიგის კი - ხუთშაბათს. ექსკლუზიური კვირის დროს, ჩემპიონთა ლიგის მატჩები სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათსაც შედგება.
საერთო ეტაპის (ე.წ. ერთიანი ჯგუფური ეტაპის) ბოლო ტურის მატჩები ერთდროულად გაიმართება.
რას მისცემს ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი გულშემატკივრებს?
არამარტო უფრო მეტ მონაწილეს, არამედ უფრო მეტ მატჩს ტოპ-კლუბებს შორის, რომლებიც შეიძლება ტურნირის ნაადრევ ეტაპზევე გაიმართოს.
ახალი ფორმატი უფრო კონკურენტულ ბალანსს შექმნის ყველა გუნდისთვის, რომლებიც შანსს მიიღებენ, ყველა დონის მეტოქეს დაუპირისპირდნენ.
მნიშვნელოვანი იქნება თითოეული მატჩი. ე.წ. ერთიანი ჯგუფური ეტაპის ნებისმიერმა შეხვედრამ შესაძლოა დიდი გავლენა იქონიოს გუნდის საბოლოო პოზიციაზე და როგორც გაიყვანოს გუნდი პირდაპირ 1/8 ფინალში, ისე პლეი-ოფის სათამაშოდ გაუშვას.
როდის გაიმართება ჩემპიონთა ლიგის წილისყრა?
29 აგვისტოს შედგება ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპის წილისყრა, იმავე ღონისძიებაზე გამოვლინდებიან უეფას სეზონის საუკეთესო ფეხბურთელებიც.
ჩემპიონთა ლიგის განრიგი
პირველი ტური: 17, 18, 19 სექტემბერი
მეორე ტური: 1, 2 ოქტომბერი
მესამე ტური: 22, 23 ოქტომბერი
მეოთხე ტური, 5,6 ნოემბერი
მეხუთე ტური: 25, 26 ნოემბერი
მეექვსე ტური: 10, 11 დეკემბერი
მეშვიდე ტური: 21, 22 იანვარი
მერვე ტური: 29 იანვარი
პლეი-ოფის განრიგი
9-24 გუნდების პლეი-ოფის დაპირისპირებები (ე.წ. 1/16 ფინალი): 11/12 და 18/19 თებერვალი
მერვედფინალები: 4/5 და 11/12 მარტი
მეოთხედფინალი: 8/9 და 15/16 აპრილი
ნახევარფინალი: 29/30 და 6/7 მაისი
ფინალი: 31 მაისი.
სად გაიმართება ჩემპიონთა ლიგის ფინალი: მიუნხენში, სტადიონ ალიანც არენაზე (პირველად 2012 წლის შემდეგ).
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები