მერაბ დვალიშვილი UFC-ში თავის რიგით მე-16 ბრძოლას და მე-3 ქამრის დაცვას ამერიკელი კორი სენდჰეგენის წინააღმდეგ გამართავს.
ამ სტატიაში მოკლედ მოგიყვებით, თუ ვინ არის 33 წლის ამერიკელი მებრძოლი და რა გზით მოვიდა ამ თავისთვის მე-2 საჩემპიონო ბრძოლამდე.
დამრტყმელად ცნობილ კორის UFC-ში დებიუტი 2018 წელს, თანამემამულე ოსტი არნეტის წინააღმდეგ ჰქონდა, რომელიც მან მეორე რაუნდში, ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.
საერთოდ, UFC-ში თავისი კარიერა კორიმ ზედიზედ 5 გამარჯვებით დაიწყო, რითაც მერაბის მეგობართან და სპარინგ-პარტნიორთან, ალჯამეინ სტერლინგთან დაიმსახურა ბრძოლა, რომელიც საერთოდ არ გამოუვიდა - სტერლინგმა პირველივე რაუნდში მოახერხა სენდჰეგენის მოხრჩობა და კორის UFC-ში პირველი მარცხი აგემა.

ამის მერე იყო ზედიზედ ორი გამარჯვება ფრენკი ედგართან და მარლონ მორაესთან, შემდეგ კი ტიჯეი დოლაშოსთან დამარცხდა მსაჯთა გაყოფილი გადაწყვეტილებით.
მიუხედავად მარცხისა, 2021 წლის ოქტომბერში სენდჰეგენმა სუპერ-მსუბუქი წონის დროებითი საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლის შანსი მიიღო, როცა პიოტრ იანთან ბრძოლას ალჯამეინ სტერლინგი ჩაეხსნა და ოქტაგონზე გასვლის სურვილი სენდჰეგენმა გამოთქვა.
რუს მებრძოლს სენდჰეგენმა დიდი ბრძოლა გაუმართა, თუმცა საბოლოოდ მაინც დამარცხდა - ამჯერადაც გადაწყვეტილებით.

იანთან ბრძოლის შემდეგ, სენდჰეგენი ოქტაგონზე თითქმის ერთი წელი აღარ გადიოდა და ოქტაგონზე 2022 წლის სექტემბერში დაბრუნდა, როცა სონგ იადონგთან დაპირისპირება ექიმის ჩარევის შედეგად მოიგო.
3-ბრძოლიანი მოგებათა სერიის შემდეგ, სენდჰეგენი უმარ ნურმაგომედოვს დაუპირისპირდა. არაოფიციალურად სწორედ ამ ბრძოლაში წყდებოდა, თუ რომელი მათგანი მიიღებდა შემდეგ საჩემპიონო ბრძოლას. 5-რაუნდიან დაპირისპირებაში გადაწყვეტილებით უმარმა იმარჯვა და მერაბთან ბრძოლის შანსიც პირველმა დაიმსახურა.
ერთწლიანი პაუზის შემდეგ კორი ოქტაგონზე ამა წლის მაისში დაბრუნდა, როცა მეორე რაუნდში დეივესონ ფიგერედო გათიშა და მერაბ დვალიშვილთან ქამრისთვის ბრძოლის სურვილი გამოთქვა. გამომდინარე იქიდან, რომ ქართველს დივიზიონი გაწმენდილი აქვს და სხვა კონტენდერი ფიზიკურად აღარ არის - UFC დათანხმდა და დვალიშვილს მომდევნო მეტოქედ სწორედ ამერიკელი კორი სენდჰეგენი დაუნიშნა.

კორი სენდჰეგენის სტატისტიკა კარიერულად 18 მოგებას და 5 მარცხს, უშუალოდ UFC-ში კი 11 მოგებასა და 4 მარცხს ითვლის. 18-დან 8 ბრძოლა სენდჰეგენმა ნოკაუტით მოიგო, 3 კი საბმიშენით. თავად კორი არასდროს არ დანოკაუტებულა, საბმიშენით ერთხელ დამარცხდა, როგორც ზემოთ მოგიყევით - ალჯამეინ სტერლინგთან.
სტრაიკერად, ანუ დამრტყმელად ცნობილი კორი სენდჰეგენი საკმაოდ კარგი და სტაბილური მებრძოლია - თავად მერაბმაც აღნიშნა, რომ მას საუცხოო კარდიო აქვს და ბრძოლა არ იქნება ისეთი მარტივი, როგორსაც ხალხი ვარაუდობს. ამერიკელის დაღლა და გათიშვა ძალიან ძნელია.
თუმცა, თუ ერთი სისუსტე უნდა დავასახელოთ, მაშინ კორის ნაკლად დიდი ბრძოლების წაგება შეიძლება ჩაითვალოს - მან UFC-ში პირველი დიდი გამოწვევაც წააგო სტერლინგთან, პირველი, თუნდაც დროებითი საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაც პიოტრ იანთან და შემდეგ, უმარ ნურმაგომედოვთან ქამარზე გამსვლელი დაპირისპირებაც.
ასეა თუ ისე, თავისი მოთმინებითა და შეუპოვრობით 33 წლის სპორტსმენმა თავისი შანსი მიიღო და ახლა მოუთმენლად ელოდება ოქტაგონზე გასვლას, რათა მერაბ დვალიშვილის მორიგ მსხვერპლად იქცეს.
