1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
2 ივლისს, მინდინარე მსოფლიო თასის მეთექვსმეტედფინალში მასპინძელი ამერიკა ბოსნია და ჰერცოგოვინის ნაკრებს დაუპირისპირდა და ბალოგუნისა და ტილმანის გოლებით 2:0 სძლია - შეხვედრის 64-ე წუთზე მთავარმა არბიტრმა ვიდეო გამეორების ნახვის შემდეგ ამერიკელთა საუკეთესო გამტანი, ფოლარინ ბალოგუნი უხეში თამაშის გამო მოედნიდან გააძევა.
ამ ამბავში არაფერი იქნებოდა განსაკუთრებული, ყველაფერი ისე რომ მომხდარიყო როგორც წესი და რიგია - სტანდარტულად, მონაკოს თავდამსხმელს ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია უნდა მოეხადა და ბელგიასთან მერვედფინალურ მატჩში მონაწილეობა ვერ მიეღო. მაგრამ როგორც შემდეგ გაირკვა, საქმეში თეთრი სახლი ჩაერთო - ფიფამ მსაჯის გადაწყვეტილება შეცვალა და ბალოგუნს ბელგიის წინააღმდეგ თამაშის საშუალება მისცა.
მე უბრალოდ ფიფას ვთხოვე გადაწყვეტილება გადაეხედათ
პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
"არ ვფიქრობ, რომ ჯარიმა იყო, უბრალოდ ორი ათლეტი ერთმანეთს დაეჯახა. არავის ჩაურტყავს სახეში ან რაღაც მსგავსი. არ შეიძლება გუნდის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშეს უბრალოდ შემდეგი თამაში გამოატოვებინო. მე ვერ ვეტყოდი მათ რა უნდა ექნათ, მე მათ უბრალოდ ვთხოვე გადაეხედათ და მათ სწორი გადაწყვეტილება მიიღეს. პირველ რიგში ჯარიმა არ იყო.
ჩვენ გვინდა ჩვენი საუკეთესო ფეხბურთელები თამაშობდნენ. როგორ იგრძნობთ თავს, მესი ან რონალდო რომ გამოგაკლოთ, ან ჰარი კეინი… ამას ვერ გააკეთებთ.
ფიფამ ბრწყინვალე გადაწყვეტილება მიიღო - მსაჯის გადაწყვეტილება კი საშინელი იყო, ამაზე არავინ საუბრობს. შემდეგ მე მსაჯის წარსულს გადავხედე - ის არც ისე კარგია." - განაცხადა დინალდ ტრამპმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
სკანდალურ გადაწყვეტილებას, რომლის მსგავსიც მუნდიალებზე მხოლოდ ერთხელ, 1962 წელს გვხვდება, უეფაც გამოეხმაურა:
გუშინდელმა გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც ფეხბურთელ ფოლარინ ბალოგუნის წითელი ბარათის გამო ავტომატურად დაკისრებული ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციის ამოქმედება ერთი წლის გამოსაცდელი ვადით შეჩერდა, წითელი ხაზი გადაკვეთა.
ფეხბურთი, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა სპორტი, წესებს ეყრდნობა, რომლებიც სამართლიანი, პატიოსანი და გამჭვირვალე შეჯიბრების საფუძველს წარმოადგენს. ზოგჯერ წესები ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, თუმცა ამ შემთხვევაში ასე არ არის. წითელი ბარათის შემდეგ მინიმუმ ერთმატჩიანი ავტომატური დისკვალიფიკაცია არ არის დისკრეციული ზომა და მის ამოქმედებას არც რომელიმე უფლებამოსილი ორგანოს დამატებითი გადაწყვეტილება სჭირდება. ეს რეგლამენტში მკაფიოდ გაწერილი პრინციპია, რომელიც გამონაკლისების საგანი ვერ გახდება, მით უმეტეს ტურნირის მიმდინარეობისას, როდესაც ანალოგიურ ვითარებაში მყოფმა არაერთმა ფეხბურთელმა დისკვალიფიკაცია ჩვეულებრივ მოიხადა.
როდესაც წესების დაცვას მათი თავად მცველებიც ვეღარ უზრუნველყოფენ, საფრთხე ექმნება თამაშის მთლიანობას და ზიანდება ტურნირის სანდოობა. ამასთან, ასეთი გადაწყვეტილება მიმდინარე ტურნირზე სახიფათო პრეცედენტს ქმნის, რადგან მომავალში ანალოგიურ შემთხვევებში თანაბარი მიდგომის მოთხოვნა გაჩნდება, რაც შეჯიბრების ინტერესებს დააზარალებს.
ფეხბურთი მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სპორტია, რადგან ის ლამაზი თამაშია, ხოლო მის მიმართ ნდობა სწორედ იმაზეა დაფუძნებული, რომ ყველგან ერთი და იმავე წესებით თამაშობენ. არც ერთი ტურნირი არ არსებობს დანარჩენი ფეხბურთისგან იზოლირებულად, ხოლო თუ საქმე მსოფლიო ჩემპიონატს ეხება, მის ნებისმიერ გადაწყვეტილებას შეუძლია მთლიანად ფეხბურთზე როგორც დადებითი, ისე უარყოფითი გავლენა მოახდინოს.
ჩვენ გამოვხატავთ გაოცებას ამ უპრეცედენტო, გაუგებარი და ყოველგვარ გამართლებას მოკლებული გადაწყვეტილების გამო.
ბოლოს მსგავსი შემთხვევა 64 წლის წინ, 1962 წლის მუნდიალზე დაფიქსირდა - ნახევარფინალში გაძევების მიუხედავად, ფიფამ ბრაზილიელთა საუკეთესო მოთამაშეს, მანე გარინჩას ფინალში თამაშის უფლება მისცა. სელესაომ ჩეხოსლოვაკია 3:1 დაამარცხა.

ნიკოლოზ კვარაცხელია
კომენტარები

