-
Aa
+
ფონტის ზომა
კლუბის მიზანია თანამედროვე, 100 000 მაყურებელზე გათვლილი არენის შექმნა, რომელიც ოლდ ტრაფორდის ავთენტურობასა და სულს სრულად შეინარჩუნებს. ეს ამბიციური პროექტი მანჩესტერულ გრანდს საშუალებას მისცემს, უმასპინძლოს უმსხვილეს საერთაშორისო ღონისძიებებს, მათ შორის 2035 წლის ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს.
პროექტი სრულ თანხვედრაშია მანჩესტერის მერის, ენდი ბერნემის ხედვასთან, რაც ქალაქის მოდერნიზაციასა და გულშემატკივრებისთვის მატჩის დღის გამოცდილების გაუმჯობესებას გულისხმობს. მიუხედავად იმისა, რომ დიზაინი ლონდონში ჯერ კიდევ ერთი წლის წინ წარადგინეს, პროცესი ნელი ტემპით მიმდინარეობს, რამაც ვადებთან დაკავშირებით კითხვები გააჩინა. წინასწარი გათვლებით, სტადიონის რეკონსტრუქცია დაახლოებით 2 მილიარდი ფუნტი სტერლინგი დაჯდება.
სტადიონის განვითარების დირექტორი კოლეტ როში აცხადებს, რომ დაგეგმარებისა და დაფინანსების საკითხებზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. მისი თქმით, ოფიციალური განაცხადი მშენებლობის ნებართვაზე მომდევნო 12-18 თვის განმავლობაში შევა.
ოლდ ტრაფორდი, რომელიც 1910 წელს გაიხსნა, ლეგენდარული ადგილია და მას „ოცნების თეატრის“ სახელით იცნობენ. 74 000-იანი ტრიბუნებით ის გაერთიანებულ სამეფოში ყველაზე დიდი საკლუბო სტადიონია. მის სიმბოლურ წითელ სავარძლებზე ისეთი ლეგენდების ისტორია დაიწერა, როგორებიც რაიან გიგზი, ჯორჯ ბესტი და კრიშტიანუ რონალდუ არიან.
„ჩვენი გეგმაა, სხვა საერთაშორისო სპორტულ და გასართობ ღონისძიებებსაც ვუმასპინძლოთ. მერმა ენდი ბერნემმა აღნიშნა, რომ მისი ამბიცია 2035 წლის ქალთა მუნდიალის ფინალის მასპინძლობაა. თუ ამას მივაღწევთ, საოცრება იქნება. ჩვენ გვინდა ავაშენოთ სტადიონი, რომელიც ჩვენს წარსულსაც შეეფერება და მომავალზეც იქნება ორიენტირებული. მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ ის განსაკუთრებული მოგონებები, რაც ხალხს აკავშირებს ამ ადგილთან,“ - განაცხადა როშიმ MUTV-სთან საუბრისას.
მისივე თქმით, ახალმა არენამ უნდა შეინარჩუნოს ის გარემო, მატჩის დღის რუტინა და დაძაბული ატმოსფერო, რაც მეტოქე გუნდის ფანებისთვის ყოველთვის საშიში იყო. 100 000-იანი ტევადობა კი ამ ყველაფერს კიდევ უფრო მასშტაბურს გახდის.
გამოწვევები მაინც რჩება, რაც საჯარო და კერძო ინვესტიციების მოზიდვას, ასევე დამატებითი მიწების ათვისებას უკავშირდება. განსაკუთრებით რთული მოლაპარაკებები მიმდინარეობს კომპანია Freightliner-თან, რომელიც ოლდ ტრაფორდის მიმდებარე ტერმინალს ფლობს.
მანჩესტერ იუნაიტედი პრემიერ ლიგის მომდევნო მატჩს სწორედ ოლდ ტრაფორდზე, 13 აპრილს, ლიდს იუნაიტედის წინააღმდეგ გამართავს.

ანანო მკალავიშვილი
კომენტარები