-
Aa
+
ფონტის ზომა
იბერია 1999-ისთვის, რომელიც დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში მეორე გუნდი გახდა ევროტურნირის მთავარ ეტაპზე მოხვედრით, ეს რეფორმა უდიდესი მნიშვნელობის მოვლენაა.
ტრადიციული ოთხგუნდიანი ჯგუფური ეტაპის ნაცვლად, ტურნირი ერთიანი 36-გუნდიანი ლიგის სისტემით მიმდინარეობს, სადაც თითოეული კლუბი ექვს განსხვავებულ მეტოქეს უპირისპირდება.
სამი მატჩი შინ ტარდება, ხოლო სამი სტუმრად, რაც გულშემატკივარს მრავალფეროვან საფეხბურთო სანახაობას, ხოლო კლუბს უმაღლესი დონის საერთაშორისო გამოცდილებას სთავაზობს.
სპორტული თვალსაზრისით, ლიგის ფაზის ერთიანი სატურნირო ცხრილი თითოეულ ქულასა თუ გატანილ გოლს გადამწყვეტ ფასს ანიჭებს. საუკეთესო რვა გუნდი პირდაპირ მერვედფინალში მიდის, ხოლო მეცხრედან 24-ე ადგილის ჩათვლით გასული კლუბები პლეი-ოფის ორმატჩიან რაუნდში იბრძოლებენ საგზურისთვის.
25-ედან 36-ე ადგილამდე მყოფი გუნდებისთვის კი ევროპული სეზონი სრულდება. ეს სისტემა იბერია 1999-ს აძლევს რეალურ შანსს, ბოლო ტურამდე შეინარჩუნოს პლეი-ოფში მოხვედრის პერსპექტივა, რადგან ქულათა მცირე სხვაობამაც კი შესაძლოა სატურნირო მდგომარეობა მკვეთრად შეცვალოს.
იბერია 1999-ის ევროპული მარათონი 15 ოქტომბერს, 23:00 საათზე, ბელგიაში სენტ ტრუიდენის წინააღმდეგ მატჩით იწყება, სადაც გუნდს ტექნიკურ და სწრაფ მეტოქესთან დაპირისპირება ელის. პირველ საშინაო შეხვედრას თბილისელები 22 ოქტომბერს, 20:45 საათზე, მიხეილ მესხის სტადიონზე ჩაატარებენ შვედური მიალბის წინააღმდეგ, რომლის მთავარი იარაღიც სკანდინავიური დისციპლინა და ფიზიკური მომზადებაა.
ნოემბერი უმძიმესი გამოცდით გაგრძელდება: 6 ნოემბერს, 00:00 საათზე, ქართული კლუბი სტუმრად დიდი ევროპული გამოცდილების მქონე კოპენჰაგენს შეხვდება. ამის შემდეგ, 26 ნოემბერს, 21:45 საათზე, თბილისში ლა ლიგის წარმომადგენელი ხეტაფე ჩამოვა. ეს შეხვედრა განსაკუთრებულია, რადგან ესპანელთა რიგებში საქართველოს ნაკრების მცველი საბა საზონოვი ირიცხება და იბერია 1999-ს მათი ხისტი, პრაგმატული სათამაშო სტილის გატეხვა მოუწევს.
გადამწყვეტი ფაზა დეკემბერში დადგება. 10 დეკემბერს, 21:45 საათზე, მიხეილ მესხის სტადიონზე სერბული ფეხბურთის გიგანტი ცრვენა ზვეზდა ჩამოვა, ხოლო ლიგის ფაზას თბილისელები 18 დეკემბერს, 00:00 საათზე, ჩეხეთში დაასრულებენ. იაბლონეცის წინააღმდეგ გასვლით შეხვედრაში, სადაც ადგილობრივი კლუბის ღირსებას ვახტანგ ჭანტურიშვილი იცავს, რთულ კლიმატურ პირობებსა და ათლეტურ ფეხბურთთან ერთად შესაძლოა პლეი-ოფის საგზურის ბედიც გადაწყდეს.

ანანო მკალავიშვილი
კომენტარები