საქართველოს ჩემპიონმა იბერიამ, რომელიც ეროვნული ლიგის განახლებისა და კონფერენსლიგის სადებიუტო სეზონისთვის ემზადება, სანაკრებო პაუზაზე ამხანაგური მატჩი გამართა.
ანდრეი დემჩენკოს შემდეგ გუნდს ლევან კორღალიძე უხელმძღვანელებს, მაგრამ ის ჯერ ოფიციალურად გუნდის მთავარი მწვრთნელი არ არის.
მის არყოფნაში სანაკრებო პაუზაზე იბერიას სპაერის წინააღმდეგ ნიკა გუშარაშვილი ედგა სათავეში. იბერიამ მოწინააღმდეგე 2:1 დაამარცხა. გოლები ლუკას კაფემ და ცოტნე ხეჩიკაშვილმა გაიტანეს.
სანაკრებო პაუზით სარგებლობს და საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრას გამართავს ბათუმის დინამოც. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი ერევანში გაემგზავრება, სადაც 2 ოქტომბერს ნოას დაუპირისპირდება.
რაც შეეხება ეროვნული ლიგის გათამაშებას, ის 4 ოქტომბერს 22-ე ტურის გადადებული მატჩით განახლდება, რომელშიც იბერია მიხეილ მესხი არენაზე დინამო თბილისს მიიღებს.