არენამაქსი
ქვიზები
სპორტის გურუ
სიახლეები
9 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ბარსელონას საპრეზიდენტო კანდიდატმა ხავიერ ვილაჟოანამ კლუბის ფინანსურ მდგომარეობასთან დაკავშირებით ჟოან ლაპორტას საბჭო “სიცრუეში” დაადანაშაულა და ლიონელ მესის 2021 წლის წასვლის საკითხზე გამჭვირვალობა მოითხოვა.
საბჭოს ყოფილი წევრის დაკვეთით მომზადებულმა ახალმა დამოუკიდებელმა ანგარიშმა აჩვენა, რომ ბარსას ვალი 4.12 მილიარდ ევრომდე გაიზარდა, რაც კითხვებს აჩენს კლუბის ეკონომიკური ვითარების გამოსწორების თაობაზე და იმაზე, იყო თუ არა მესის წასვლა რეალურად ფინანსური მიზეზებით განპირობებული.
“ბარსელონას ეკონომიკური რენტგენის (2005–2025)” ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ ლაპორტას პრეზიდენტობის საფუძვლები კვლავ კრიტიკის ქვეშ მოექცა - ეს არის დეტალური, დამოუკიდებელი ანალიზი, რომელიც ბარსელონაში, Foment de Treball-ის შტაბ-ბინაში წარადგინეს.
ანგარიში ვილაჟოანამ, კლუბის ყოფილმა დირექტორმა და შესაძლო საპრეზიდენტო კანდიდატმა, დააფინანსა. კვლევის მიხედვით, ბარსელონას ჯამურმა ვალმა 4.12 მილიარდ ევროს მიაღწია, რაც ევროპული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია - 293%-იანი ზრდა 2021 წლიდან მოყოლებული.
ანგარიში პირდაპირ ეწინააღმდეგება ლაპორტას ნარატივს, თითქოს მისმა ადმინისტრაციამ კლუბი ეკონომიკურ კოლაფსს “გადაარჩინა”. ანგარიშის მიხედვით, Espai Barca პროექტის (€2.82 მლრდ) გამოკლებითაც კი, ოპერაციული და ფინანსური ვალდებულებები 1.3 მილიარდ ევროს აღემატება, რაც იმაზე მეტია, ვიდრე ლაპორტამ მემკვიდრეობით ჟოზეპ მარია ბართომეუს მმართველობიდან მიიღო.
განსაკუთრებით მძიმეა ბრალდება, რომ კლუბმა 929 მილიონი ევროს აქტივების გაყიდვა (ტელე-უფლებები, Barca Studios, VIP ადგილები) ყოველდღიური ხარჯების დაფინანსებისთვის გამოიყენა და არა გრძელვადიანი აღდგენისათვის, რაც, ვილაჟოანას თქმით, “მატყუარა და არამდგრადი სტრატეგიაა.”
ანგარიშის პრეზენტაციისას ვილაჟოანამ მწვავე შეფასება მისცა ლაპორტას მმართველობის ფინანსურ პოლიტიკას, წევრებთან ურთიერთობასა და გამჭვირვალობას.
ის ამტკიცებს, რომ საბჭო გაუარესებულ ფინანსურ რეალობას მალავს:
“ამ ოთხ წელიწადში ლაპორტამ თითქმის 900 მილიონი ევროს ოდენობის მემკვიდრეობითი აქტივები გაყიდა. ამ მემკვიდრეობის გარეშე, დაგროვილი ზარალი უკვე გადააჭარბებდა 1 მილიარდს, რაც ამჟამინდელი ძირითადი შემადგენლობის მთლიანი ღირებულების ტოლია.
ეკონომიკური მონაცემები ბევრად უფრო დელიკატურ მდგომარეობას აჩვენებს, ვიდრე პრეზიდენტი საჯაროდ აღიარებს. კვლევამ გამოავლინა ბუღალტრული მანიპულაციები, რომლებიც მიზნად ისახავდა ისეთი აღდგენის ჩვენებას, რომელიც არ შეესაბამება კლუბის ფინანსურ რეალობას.
სულ 380 მილიონ ევროზე მეტია შეტანილია ანგარიშებში რეალური საფუძვლის გარეშე, რაც ამახინჯებს ვალისა და შედეგების აღქმას. ეს ოპერაციები არ ამცირებს ნამდვილ ვალს, მხოლოდ მალავს მას. ციფრების დაბალანსების ილუზია კლუბს ვერ გადაარჩენს, ის მხოლოდ ატყუებს მას.
ანგარიშის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ნაწილი ლიონელ მესის წასვლას შეეხება. ვილაჟოანა ამტკიცებს, რომ ეს შესაძლოა მხოლოდ ფინანსური საკითხი არ ყოფილიყო.
“მესის წასვლა ფინანსური მიზეზებით ახსნეს, თითქოს კლუბს არ შეეძლო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის შენარჩუნება. თუ მიზეზი ფინანსური იყო, ახლა ამას ვერ ვხედავ.
ლაპორტამ უნდა გვითხრას ნამდვილი მიზეზი, რატომ გაუშვა მესი. მესი უნდა დავტოვოთ სიმშვიდეში, კლუბი მისი სახლია, პრეზიდენტის მიუხედავად. უდიდესი შეცდომა იქნება მისი იმიჯის მითვისების მცდელობა.” - განაცხადა ვილაჟოანამ
მან ასევე ლა მასიის დაფინანსების შემცირება გააკრიტიკა:
“ლაპორტა ლა მასიის წარმატებებით ცხოვრობს, თუმცა ამცირებს ინვესტიციას. მისი მმართველობის დაწყების შემდეგ, აკადემიის ბიუჯეტი 40 მილიონიდან 25 მილიონამდე შემცირდა. თუ რამე უნდა ვისწავლოთ ამ ეკონომიკური კატასტროფიდან, ეს არის ის, რომ ლა მასია ბარსას ყველაზე ძვირფასი აქტივია.”
მიუხედავად მწვავე კრიტიკისა, ვილაჟოანას გზავნილი განახლებისკენ იყო მიმართული. მან დააანონსა, რომ 27 ნოემბერს ოფიციალურად წარადგენს საკუთარ საარჩევნო პროექტს, რომელიც დაფუძნებული იქნება გამჭვირვალობაზე, ანგარიშვალდებულებასა და ახალგაზრდების განვითარებაზე.
“თუ კენჭს ვიყრი, ეს იქნება იმისთვის, რომ შემოვიტანო წინადადებები, ავხსნა და დავარწმუნო, არ მომწონს ‘ფრანკენშტეინის’ პროექტები -ყველას თავისი გზა უნდა ჰქონდეს. მე ჩემსაზე ვიმუშავებ.” - აღნიშნა მან.
დასასრულს, ვილაჟოანამ ფრთხილი ოპტიმიზმით განაცხადა, რომ კლუბს სიტუაციის გამოსწორება შეუძლია, თუ ხელმძღვანელობა მიმართულებას შეცვლის:
“მე ოპტიმისტი ვარ, რადგან ამას ბოლოს და ბოლოს მივხედავთ. ბარსას აქვს გამოსავალი, მაგრამ ამას ნება და პასუხისმგებლობა სჭირდება. რაც არ შეგვიძლია, არის ოთხი წელი იმის თქმა, რომ ყველაფერი შესანიშნავადაა.”
როგორც ჩანს, ბარსელონასთვის მომავალი ზაფხულის არჩევნები დაძაბული იქნება, სადაც მესის წასვლა და ლაპორტას ფინანსური მმართველობა კამპანიის ცენტრალურ თემებად იქცევა.
დარჩა კითხვა - უპასუხებს თუ არა ლაპორტა ბრალდებებს თუ კვლავ თავის არიდებას შეეცდება, მაგრამ ერთი რამ ცხადია: ბარსას ფინანსური ნარატივი კვლავ გამადიდებელი შუშის ქვეშაა.

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები