ვილიარეალი მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისგან სიმშვიდეს ელოდა და თუ ბოლო წუთებში რაიმე მოულოდნელი არ მოხდა, როგორც ჩანს, „ყვითელი წყალქვეშა ნავის“ მოლოდინი მართლდება.
თუმცა, როგორც ინიგო პერესმა რასინგთან მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სატრანსფერო ბაზარს „თავისი დინება აქვს და მაშინ ჩქარდება, როცა თავად მოისურვებს“.
სწორედ ამიტომ, ლა პლანას კლუბს აქვს დამატებითი მექანიზმი, რომელიც სატრანსფერო ფანჯრის დასკვნით ეტაპზე გუნდის წამყვანი ფეხბურთელების წასვლას გაართულებს.
გიორგი მიქაუტაძის შემთხვევაში კი თავდამსხმელის გამოსასყიდი თანხა მნიშვნელოვნად იზრდება. ინფორმაციას ესპანური Marca ავრცელებს.
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ვილიარეალმა გასულ ზაფხულს ლიონის ოლიმპიკიდან 30 მილიონ ევროდ შეიძინა. მიქაუტაძის გამოსასყიდი თანხა 60 მილიონ ევროს შეადგენს, სოლიდური თანხაა, თუმცა ფინანსურად ძლიერი კლუბებისთვის მაინც ხელმისაწვდომი.
მაგრამ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო 10 დღის განმავლობაში ეს თანხა 75 მილიონ ევრომდე იზრდება. დამატებითი 15 მილიონი ევრო ვილიარეალს საშუალებას აძლევს, ფეხბურთელის მომავალი უკეთ დაიცვას ან, მისი შესაძლო წასვლის შემთხვევაში, მოლაპარაკებები კლუბისთვის უფრო ხელსაყრელი პირობებით წარმართოს.
რეალობა ისაა, რომ ამ დროისთვის ვილიარეალს თავისი წამყვანი ფეხბურთელების, მათ შორის მიქაუტაძისა და პაპ გეიეს თაობაზე ოფიციალური შეთავაზება არ მიუღია.
მართალია, სენეგალელი ნახევარმცველით ევერტონი ინტერესდებოდა, თუმცა ამას კონკრეტული გაგრძელება არ მოჰყოლია. რაც შეეხება ქართველ თავდამსხმელს, ვილიარეალს მის თაობაზე არც სხვა კლუბები და არც ფეხბურთელის წარმომადგენლები დაკავშირებიან.
ამის მიუხედავად, ვილიარეალის სპორტული ხელმძღვანელობა მზად არის ნებისმიერი შესაძლო სცენარისთვის და კარგად აცნობიერებს, რომ სატრანსფერო ფანჯრის ყველაზე რთული პერიოდი ახლოვდება.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში იერემი პინოს კრისტალ პალასში ტრანსფერი სწორედ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში დასრულდა, კანარელი ფეხბურთელის გაყიდვიდან მიღებული თანხა კი ვილიარეალმა ფანჯრის დასკვნით ეტაპზე მიქაუტაძის შესაძენად გამოიყენა.