-
Aa
+
ფონტის ზომა
ევროპული ღამეები თბილიში 26 ნოემბერს გაგრძელდება - დედაქალაქს მადრიდული ხეტაფე ნაცნობი სახეებით ეწვევა. გიორგი მამარდაშვილის ყოფილი დამრიგებელი, ხოსე ბორდალასი და საქართველოს ნაკრების წევრი საბა საზანოვი იბერიას წინააღმდეგ.
თუმცა როგორ ფორმაშია მადრიდული გუნდი ამ სეზონში? - არც ისე კარგ. ლა ლიგაში ხეტაფე მეცამეტე ადგილზეა და სეზონის სტარტზე სტაბილური თამაშით ვერ დაიკვეხნის - 3 მოგება, 3 ფრე და 5 წაგება.
რაც შეეხება ევროთასებს, ბორდალასის გუნდი კონფერენს ლიგის ცხრილში 31-ე ადგილს იკავებს და იბერიას ორი პოზიციით ჩამორჩება. ამას ემატება ინფორმაცია, რომ სამი მოუგებელი მატჩის შემდეგ, თითქოს მთავარი მწვრთნელი აღნიშნულ ტურნირზე დიდი აქცენტის გაკეთებას აღარ აპირებს. ხოლო ჩვენი მხრივ, კოპენჰაგენთან მატჩმა დაგვანახა, რომ თამაში ნებისმიერ მეტოქესთან შეგვიძლია, მით უმეტეს სახლში.
დანი კარვახალი, ხუანმი, ბორხა მოიარალი, იოჰან მოხიკა, ნემანია გუდელი, დავიდ სორია თუ საბა საზონოვი ლა ლიგის ქართველი გულშემატკივრისთვის საკმაოდ ცნობილი სახელებია და ხეტაფეს დონეზე გასულ სეზონში ლა ლიგაში დაფიქსირებული მეშვიდე ადგილიც მეტყველებს, თუმცა იბერიელებს განწყობა ძალიან პოზიტიურია.
სახლში, როცა ჩვენი გულშემატკივარი იქნება სტადიონზე, ამაზე ბევრად მაგარ თამაშს ვაჩვენებთ.
ნიკოლოზ დადიანი.
ველოდებით ქართველ გულშემატკივარს ხეტაფესთან მატჩზე, ძალიან გაგვიხარდება თუ გაივსება სტადიონი, ჩვენც სხვანაირად მოტივირებულები ვიქნებით
ამირან ძაგანია.
შემდეგ თამაშში, დამერწმუნეთ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო უკეთესები ვიყოთ
ლევან კორღალიძე.
მეხუთე ტურში თბილისს სერბული ფეხბურთის გიგანტი, ცრვენა ზვეზდა ეწვევა. ბელგრადელებმა კონფერენს ლიგა შვეიცარიულ ლუგანოსთან მარცხით დაიწყეს, მეორე ტურში კოპენჰაგენთან ფრეს დასჯერდნენ, ხოლო პირველი გამარჯვება ბოლო მატჩში, ანდორულ ინტერთან მოიპოვეს.
შედარებით სუსტი მეტოქის მიუხედავად, სერბებს ინტერ კლუბ ესკალდესის დამარცხება გაუჭირდათ - ზვეზდამ 92-ე წუთზე გატანილი ავტოგოლით იმარჯვა.
ევროთასებისგან განსხვავებით, ბელგრადელები შიდა ასპარეზზე ბრწყინვალედ გამოიყურებიაბ - 14 მატჩში 13 მოგება, ერთი ფრე და პირველი ადგილი ცხრილში. წითელი ვარსკვლავი ევროსარბიელზე საკმაოდ გამოცდილი გუნდია და სხვა რომ არაფერი ამას 1991 წელს მოგებული ჩემპიონთა თასიც მოწმობს. 2018/19 წლების სეზონიდან კი გუნდმა ოთხჯერ შეძლო ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე თამაში.
მიუხედავად ამის, საკუთარ კედლებში, გულშემატკივრებთან ერთად, ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ მოსაგებად გასვლა რომ შესაძლებელია, ამის ნათელი მაგალითი ხშირად თავად სერბული კლუბია ხოლმე. იმედი ვიქონიოთ, რომ ამ შემთხვევაში გამარჯვებული მასპინძლი იბერია 1999 იქნება. ასეთი შემთხვევები კი მიმდინარე კონფერენს ლიგის გათამაშებაშიც არაერთი გავქვს.
ლიგის ფაზაში იბერიას ბოლო მეტოქე ჩეხური იაბლონეცი იქნება. თბილისელები იაბლონეც-ნად-ნისოუს 17 დეკემბერს ეწვევიან და იმედი ვიქონიოთ, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლასაც აღნიშნავენ.
მიუხედავად იმისა, რომ იაბლონეცი შინ პრემიერ ლიგელ ბრაიტონს ფრედ ეთამაშა, კონფერენს ლიგაზე ჯერ-ჯერობით სასურველ შედეგს ვერ აღწევან - სამი ტურის შემდეგ ჩეხების ანგარიშზე ერთი წაგება და ორი ფრეა. იაბლონეცი პირველ ტურში ფრაიბურგთან დამარცხდა, შემდეგ ჯერ ბრაიტონთან დაზავდა, ხოლო ბოლო ტურში რიგასთან.
ჩეხები არც შიდა ასპარეზზე გამოიყურებიან კარგად - იაბლონეცი 13 ტურის შემდეგ გათამაშების ცხრილის მე-8 პოზიციაზეა. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ იბერიასთვის ბოლო ტურში ქულების დაგეგმვა შეუძლებელ მისიათა კატეგორიაში არ იქნება.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მსგავსად, კონფერენს ლიგის 36 გუნდიან ლიგის ფაზაში, პირველი 8 გუნდი პლეი-ოფის საგზურს პირდაპირ იღებს, ხოლო 9-დან 24-ე პოზიციაზე გასული გუნდები საკვალიფიკაციო რაუნდში ხვდებიან.
კონფერენს ლიგა ამ ფორმატით უკვე მესამე სეზონია ტარდება და წინა ორ შემთხვევაში გუნდებმა 7 ქულით საკვალიფიკაციო რაუნდში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს. თუმცა იყო ისეთი შემთხვევებიც, როცა გუნდებს 7 ქულა არ ეყოთ და ყველაფერი ბურთების შეფარდებამ გადაწყვიტა.
იბერიას სამი ტურის შემდეგ 1 ქულა აქვს და პოტენციურად კიდეც 9 ქულის მოპოვება შეუძლია. ამისთვის კი საშინაო მატჩებში ჩვენი დახმარება სჭირდება.
თბილისური მატჩების წინ, იბერიას მთავარმა მწვრთნელმა ლევან კორღალიძე გულშემატკივრებს მიმართა:
მინდა დიდი თხოვნით მივმართო გულშემატკივარს, მოვიდნენ სტადიონზე და მხარი დაგვიჭირონ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კმაყოფილები წავიდნენ
შეგახსენებთ, იბერია 1999 ხეტაფეს 26 ნოემბერს, ხოლო ცრვენა ზვეზდას 10 დეკემბერს უმასპინძლებს.

ნიკოლოზ კვარაცხელია
კომენტარები