იბერია 1999-მა ისტორია გადაწერა - ჩრდილოეთ ირლანდიური ლარნე დაამარცხა (ორი მატჩის ჯამში 2:1) და უეფას კონფერენს ლიგაზე მონაწილეობა გაინაღდა.
თუ ქართული გუნდი იაგელონიასა და რეინჯერსის გამარჯვებულსაც დაამარცხებს, მაშინ ევროპა ლიგაზე გავა, თუმცა იქამდე კონფერენს ლიგის მონაწილედ უნდა მოვიაზროთ და გაგაცნობთ, რა თანხას მიიღებს იბერია ამ ტურნირზე კვალიფიკაციისთვის.
უეფას კონფერენს ლიგის საერთო ეტაპზე გასვლისთვის გუნდი გარანტირებულად 3.17 მილიონ ევროს იღებს.
საწყისი თანხის გარდა, კლუბებს დამატებითი შემოსავლის მიღება მატჩის შედეგების, საბოლოო სატურნირო პოზიციისა და ტელეტრანსლაციების წილის მიხედვით შეუძლიათ.
შემოსავლების დამატებითი გადანაწილება ლიგის ეტაპზე:
კვალიფიკაციის გავლის შემდეგ, გუნდებს შემოსავლის გაზრდა შემდეგი ბონუსებით შეუძლიათ:
მოგება: €400,000
ფრე: €133,000
1-ლიდან მე-8 ადგილის ბონუსი: €400,000
მე-9-დან 24-ე ადგილის ბონუსი: €200,000
სატურნირო პოზიციის ბონუსი: €28,000 ცხრილში ყოველი უფრო მაღალი ადგილისთვის (მაგალითად, 35-ე ადგილზე გასვლა იძლევა €28,000-ს, 34-ე ადგილი - €56,000-ს, ხოლო პირველი ადგილი - €980,000-ს).
ამ წუთისთვის, იბერია 1999-ს მონაწილეობის 3.17 მილიონი ევრო უკვე აქვს განაღდებული, დანარჩენი კი უშუალოდ ამ ტურნირზე ნაჩვენებ შედეგებზე იქნება დამოკიდებული.