სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-15 ტურში დუნაისკა სტრედამ საკუთარ მოედანზე კომარნო 3:0 დაამარცხა, თუმცა გუნდისთვის მატჩი გიორგი გაგუას ტრავმით დაიჩრდილა.
შეხვედრის დაწყებამდე ქართველ შემტევს სლოვაკეთის ჩემპიონატის თვის საუკეთესო გოლის ჯილდო გადასცეს.
მეოცე წუთზე გაგუა მეტოქის საჯარიმოში წააქციეს და გუნდის სასარგებლოდ პენალტი დაინიშნა, თუმცა დაცემისას ფეხბურთელმა მხარი დაიზიანა და მოედნიდან საკაცით გაიყვანეს.
ტრავმის ზუსტი ხარისხი მოგვიანებით გახდება ცნობილი, თუმცა ვარაუდობენ, რომ დაზიანება მსუბუქი არ არის და გაგუა მოედანზე სავარაუდოდ 2027 წელს დაბრუნდება. მატჩის დასრულების შემდეგ ის თანაგუნდელებთან ერთად გამარჯვებას აღნიშნავდა.
მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 20 შეხვედრაში გიორგი გაგუას ანგარიშზე 7 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა. კომარნოსთან შეხვედრაში ასევე მიიღო მონაწილეობა ცოტნე კაპანაძემ, რომელიც მოედანზე 37-ე წუთზე შევიდა.
დუნაისკა სტრედა 41 ქულით სატურნირო ცხრილის ლიდერია, უახლოეს მდევარ სლოვანს 10 ქულით უსწრებს და შემოდგომის ჩემპიონის ტიტული უკვე გაინაღდა. გუნდი მომდევნო მატჩს 28 ნოემბერს, სტუმრად პოდბრეჟოვას წინააღმდეგ გამართავს.