ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილში დინამო ბათუმმა ლიდერობა გაიმყარა, თუმცა კონკურენტებს ჯერ არ უთამაშიათ.
ჩემპიონატის 29-ე ტურის ეგიდით, აჭარლები გაგრას დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე შეხვდნენ და 3:1 მოუგეს.
ანგარიში პაულო ვიქტორმა გახსნა, მაურიდესმა პენალტიდან გაიტანა, ხოლო ბოლო გოლი ნიკა კალანდარიშვილმა შეაგდო - გაგრასგან თავი პენალტიდან დავით მუჯირმა გამოიჩინა.
სეზონში მე-10 საგოლე გადაცემა შეასრულა უერდი მარამ, რომელიც თანაგუნდელ თორნიკე კირკიტაძეს გაუთანაბრდა: ნიკა ნინუას (დინამო თბილისი) 11 ასისტი აქვს, ხოლო გიორგი არაბიძეს (ტორპედო ქუთაისი) - 13.
გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა 53 ქულა მოაგროვა და რუსთავსა და იბერიას 4-4 ქულით გაუსწრო, ოღონდ, ამ ტურში ჯერ არც ერთს უთამაშია - რუსთავი ტორპედოს სტუმრობს, იბერიელები კი გორში, დილასთან გაარკვევენ უძლიერესს. ბათუმელები მომდევნო ტურში სამგურალს მასპინძლობენ.
გაგრას კვლავ 29 ქულა აქვს და დასარჩენ ზონაში მყოფ ტორპედო ქუთაისს 8 ქულით ჩამორჩება. მომდევნო ტურში ერთ-ერთ უშუალო კონკურენტ სპაერს ესტუმრებიან.