9 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
38 წლის ფეხბურთელი ხუთშაბათს ლონდონში უნდა გამგზავრებულიყო გადაღებებზე, რომელიც Nike-სა და ბრიტანულ streetwear ბრენდ Corteiz-ს შორის თანამშრომლობის ნაწილი იყო.
თუმცა, ოთხშაბათს საღამოს სპორტული ეკიპირების მწარმოებელმა კომპანიამ ბენზემას წარმომადგენლებს აცნობა, რომ პროექტი აღარ განხორციელდებოდა.
The Athletic-ის ცნობით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე Nike-მა ბენზემას წარსული უფრო დეტალურად შეისწავლა, თუმცა წყაროებს არ დაუკონკრეტებიათ, კონკრეტულად რა საკითხებმა განაპირობა თანამშრომლობის გაუქმება.
„ეს პროექტი სპორტსმენსა და Nike-ს შორის უფრო ფართო თანამშრომლობას არ ასახავდა. ვწუხვართ, რომ მოლაპარაკებები ამ ეტაპამდე მივიდა“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
ბენზემას წარმომადგენლის თქმით, თანამშრომლობის ინიციატორი თავად Nike იყო, კომპანიამ საფრანგეთის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს პროექტში მონაწილეობა შესთავაზა და მოლაპარაკებები მოთამაშის გარემოცვას არ დაუწყია.
დაგეგმილი კამპანიის მთავარი პროდუქტი Nike-Corteiz Shox R419 უნდა ყოფილიყო. გავრცელებული ინფორმაციით, შეთანხმების ფარგლებში ბენზემა Nike-ის პროდუქციის შესაძენად 75 000 ევროს ღირებულების ბიუჯეტს მიიღებდა.
Nike ასევე თანახმა იყო, ლონდონში გადაღებებზე მისი მგზავრობის ხარჯები დაეფარა.
გარდა ამისა, მხარეებს შორის წინასწარი საუბრები უფრო ფართო, ამბასადორული თანამშრომლობის შესაძლებლობაზეც მიმდინარეობდა, თუმცა Nike-ის განცხადებით, მსგავსი შეთანხმების გაფორმების აქტიური გეგმები არ არსებობდა.
თანამშრომლობის გაუქმება მას შემდეგ მოხდა, რაც ბენზემას მრავალწლიანი ურთიერთობა Adidas-თან დასრულდა და 2022 წლის ოქროს ბურთის გამარჯვებულმა ახალი კომერციული შესაძლებლობების ძიება დაიწყო.
ბენზემა Adidas-თან 2007 წლიდან თანამშრომლობდა. 4 წლის წინ გერმანულმა კომპანიამ მისი ოქროს ბურთის გამარჯვების აღსანიშნავად სპეციალური საფეხბურთო ბუცებიც გამოუშვა.
ბენზემას კარიერის განმავლობაში არაერთი გახმაურებული შემთხვევაც ყოფილა. მათ შორის ყველაზე ცნობილი 2021 წელს საფრანგეთის ნაკრების ყოფილი თანაგუნდელის, მატიე ვალბუენას შანტაჟის მცდელობაში თანამონაწილეობისთვის გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენია.
ვერსალის სასამართლომ ბენზემას ერთწლიანი პირობითი პატიმრობა და 75 000 ევროს ოდენობის ჯარიმა მიუსაჯა. ფეხბურთელი ადვოკატის მეშვეობით ბრალდებას კვლავ უარყოფდა, თუმცა მოგვიანებით სააპელაციო საჩივარზე უარი თქვა.
ამ დროისთვის გაურკვეველია ბენზემას საფეხბურთო მომავალიც, ალ-ჰილალმა 31 აგვისტოს დაადასტურა, რომ ფეხბურთელთან კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა.
ბენზემას კარიერის დასრულების შესახებ არ გამოუცხადებია და ამჟამად კლუბის გარეშეა. მან საუდის არაბეთში 3 წელი გაატარა, სადაც ალ-იტიჰადისა და ალ-ჰილალის ღირსებას იცავდა.
ეს ამბავი ფეხბურთის სპონსორობის ბაზარზე მნიშვნელოვანი ცვლილებების პერიოდსაც დაემთხვა.
საფრანგეთის ნაკრების კაპიტანმა კილიან მბაპემ გასულ კვირას Nike-თან მრავალწლიანი თანამშრომლობა დაასრულა და შვეიცარიულ სპორტულ ბრენდ On-ს შეუერთდა, რომელიც საფეხბურთო ბაზარზე აქტიურად შესვლას ცდილობს.
ბენზემას შემთხვევაში კი Nike-თან შესაძლო დაბრუნება მანამდე დასრულდა, სანამ დაგეგმილი სარეკლამო კამპანიის გადაღებები საერთოდ დაიწყებოდა.

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები