მეთოფეები საჩემპიონო რბოლაში უკვე მდევრის როლში არიან.
კვირის შუა პერიოდში გამართული მატჩების შემდეგ პრემიერ ლიგის ცხრილის სათავეში მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა. პეპ გვარდიოლას მანჩესტერ სიტიმ მორიგი გამარჯვება მოიპოვა, ამჯერად უკვე დაქვეითებულ ბერნლისთან - ერლინგ ჰალანდის მეხუთე წუთზე გატანილი გოლი ოთხშაბათს ღამით გადამწყვეტი აღმოჩნდა.
ზედიზედ მესამე გამარჯვებამ პრემიერ ლიგაში მანჩესტერ სიტის საშუალება მისცა დაწეოდა და გადაესწრო არსენალისთვის, რომელსაც არც ისე დიდი ხნის წინ ცხრილის სათავეში ცხრაქულიანი უპირატესობა ჰქონდა. 22-წლიანი მოლოდინის დასრულების იმედი ახლა ბეწვზე ჰკიდია.
ამ მომენტისთვის მანჩესტერ სიტისა და არსენალს თითქმის იდენტური მაჩვენებლები აქვთ. ორივე გუნდმა 33 მატჩში მოიგო 21 თამაში, 7 დაასრულა ფრედ, 5 წააგო და ორივეს ერთნაირი ბურთების სხვაობა აქვს (+37). მიუხედავად ამისა, მანჩესტერ სიტი არსენალზე მაღლა დგას.
ამის მიზეზი პრემიერ ლიგის წესდებაა: როცა გუნდებს თანაბარი ქულები აქვთ, პირველი კრიტერიუმი ბურთების სხვაობაა, შემდეგ გატანილი გოლების რაოდენობა, ხოლო შემდეგ ურთიერთშეხვედრებში დაგროვილი ქულები. თუ ეს სამი მეთოდიც ვერ გამოავლენს გამარჯვებულს, მეოთხე კრიტერიუმი ურთიერთშეხვედრებში სტუმრად გატანილი გოლებია.
ამ შემთხვევაში, სიტის 66 გოლი აქვს გატანილი, არსენალს კი 63. სწორედ ამიტომ ლიდერობენ ქალაქელები საჩემპიონო რბოლას.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ არსენალი და მანჩესტერ სიტი სეზონს აბსოლუტურად იდენტური რეკორდით დაასრულებენ, ნეიტრალურ მოედანზე ოქროს მატჩის გამართვა საჭირო არ გახდება. სიტიმ ამ სეზონში მეთოფეებთან 4 ქულა აიღო, რაც მათ უპირატესობას ანიჭებს იმ შემთხვევისთვის, თუ 24 მაისს ქულები, ბურთების სხვაობა და გატანილი გოლები თანაბარი იქნება.