მადრიდის რეალში შეშფოთება არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ გუნდის გასახდელში მენტალური ლიდერების ნაკლებობა შეინიშნება.
The Athletic-ის ჟურნალისტის, მარიო კორტეგანას ინფორმაციით, ატლეტიკოსთან მატჩის შემდეგ, ფეხბურთელებს შორის გულახდილი დიალოგი გაიმართა, სადაც განსაკუთრებული კრიტიკა ახალგაზრდა მოთამაშეებისადმი იყო მიმართული, კერძოდ კი მათ დერბიზე დამოკიდებულებაზე.
რეალის სტაფის ერთმა წევრმა აღნიშნა, რომ 2024/25 წლების სეზონშის განმავლობაში, გუნდი, რომელიც წინა წლებში საუკეთესო ატმოსფეროს მქონედ მოიაზრებოდა, ახლა გადაიქცა კოლექტივად, სადაც მეტი ეგოიზმი და დაძაბულობა შეინიშნება. ტიტულების გარეშე სეზონის დასრულებამ ეს სიტუაცია კიდევ უფრო გაამძაფრა.
როცა ჩაბი ალონსო გუნდის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, მას "ცუდი ჩვევების მქონე" გასახდელი დახვდა. მას შემდეგ, ესპანელი სპეციალისტი ახალი კულტურის დამკვიდრებას და დისციპლინისა და პროფესიონალიზმის ძირითადი ელემენტების დანერგვას ცდილობს - მათ შორის, პუნქტუალურობასა და ვარჯიშებზე მაღალ ინტენსივობას.
რაც შეეხება ჩაბის მეთოდებს, ერთმა ფეხბურთელთან დაახლოებულმა პირმა თქვა: "მათ ჰყავდათ მწვრთნელი [ანჩელოტი], რომელიც ვარჯიშებში საერთოდ არ მონაწილეობდა, ახლა კი ჰყავთ ადამიანი, რომელიც ვარჯიშებზე თავს ერთ რიგით მოთამაშედ გრძნობს."
ლიდერის პრობლემა კლუბისთვის სერიოზული თავსატკივარია - კილიან მბაპემ ამ სეზონში ძალიან მოუმატა, თუმცა ის უფრო მოედანზე აღიქმება ლიდერად და არა გასახდელში.
ერთ-ერთ ლიდერად მოიაზრება ფედე ვალვერდე თავისი პროფესიონალიზმისა და შრომისმოყვარეობის გამო, მის გზას ადგას ორელიან ჩუამენიც.
რეალში კვლავ რჩებიან გამოცდილი მოთამაშეები, თუმცა კლუბის ზედა ეშელონებში გაჩნდა განცდა, რომ ამჟამინდელ გუნდს აღარ ჰყავს იმდენი მენტალურად ძლიერი ფეხბურთელი, რამდენიც წარსულში ჰყავდათ - მათ შორის წინა სეზონშიც კი.
როცა წინა სეზონში კლუბს ლუკას ვასკესის და ლუკა მოდრიჩის მაშინ ჯერ კიდევ შესაძლო წასვლაზე ჰკითხეს, სტაფის ერთ-ერთმა წევრმა ასეთი პასუხი გასცა:
„თუ ორივე წავიდა, ძალიან გაგვიჭირდება. არა ტექნიკურად, არამედ ატმოსფეროს კუთხით. თუ კარვახალი მარტო დარჩა, ის ერთ თვეში აფეთქდება."