ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ლა ლიგის მატჩის აშშ-ში ჩატარების თხოვნა დააკმაყოფილა.
საუბარია ვილიარეალისა და ბარსელონას შეხვედრაზე, რომლის ჩატარებაც მაიამიში, ჰარდ როკ სთედიუმზე იგეგმება. აღნიშნულ გადაწყვეტილებას UEFA-სა და FIFA-ს დასტურიც სჭირდება. მატჩი წესით დეკემბერში ვილიარეალის სტადიონ ესტადიო დე ლა სერამიკაზე უნდა ჩატარებულიყო.
დღეს მადრიდის რეალმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელიც ლა ლიგის მატჩის ჩატარებას აშშ-ში ეწინააღმდეგება.
სამეფო კლუბის განცხადებით აღნიშნული გადაწყვეტილება არღვევს შეჯიბრის პრინციპებს, რომელიც ყველა მონაწილე გუნდისთვის ერთი და იგივე უნდა იყოს.
რეალმა FIFA-ს, როგორც ფეხბურთის საერთაშორისო წესების გარანტორს, მოთხოვნა გაუგზავნა, რომ მატჩის აშშ-ში ჩატარების უფლება შეჯიბრებაში მონაწილე ყველა კლუბის თანხმობის გარეშე არ გაიცეს.
ასევე მადრიდელებმა UEFA-საც მიმართეს, რომ ორგანიზაციამ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას თამაშის აშშ-ში ჩატარების განაცხადი უკან დააბრუნებინოს.