ედუარდო კამავინგამ შესაძლოა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში მადრიდის რეალი დატოვოს.
ესპანური Marca-ს ჟურნალისტის, მატეო მორეტოს ინფორმაციით, ბოლო საათებში რეალსა და მანჩესტერ სიტის შორის ფრანგი ნახევარმცველის შესაძლო ტრანსფერის შესახებ პირდაპირი კონტაქტები შედგა.
აღნიშნულ ნაბიჯს ჟოზე მოურინიოც უჭერს მხარს, რადგან მას კამავინგას თამაშმა ბოლო სეზონებში სრულად ვერ დააკმაყოფილა.
ინგლისურმა კლუბმა რეალის შეთავაზება მიიღო და ახლა კამავინგას ტრანსფერის შესაძლებლობას განიხილავს.
ფრანგი ფეხბურთელი პრემიერ ლიგაში განსაკუთრებით ფასდება თავისი გამძლეობითა და ფიზიკური მონაცემებით.
სიტიმ უკვე გაიფორმა ინგლისის ნაკრების წევრი ელიოტ ანდერსონი, რომლის სანაცვლოდაც 135 მილიონი ევრო გადაიხადა.
გარდა ამისა, მანჩესტერული კლუბი სანდრო ტონალითაც ინტერესდებოდა, თუმცა იტალიელი საბოლოოდ ტოტენჰემში გადავა, ხოლო ნიუკასლი მის სანაცვლოდ 100 მილიონ ევროზე მეტს მიიღებს.
ამ ვითარებაში კამავინგას შესაძლო გაყიდვა რეალში კარგ საბაზრო შესაძლებლობად მიაჩნიათ, რადგან მანჩესტერ სიტი კვლავ ეძებს ნახევარმცველებს, ხოლო პრემიერ ლიგის კლუბები მაღალი თანხების გადახდისთვის მზად არიან.
ოპერაციას მოურინიოც მხარს უჭერს და ფრანგის წასვლა მისთვის პრობლემა არ იქნება, რადგან მიღებული თანხა შესაძლოა ახალი ნახევარმცველისა და ცენტრალური მცველის შესაძენად გამოიყენონ.