მადრიდის რეალისთვის ასპარეზზე ახალი ვარიანტი - იულიან ნაგელსმანი გამოჩნდა.
AS-ის ინფორმაციით, გერმანიის ნაკრების ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი მადრიდის რეალს შესთავაზეს.
რეალი ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა, ლა ლიგაში საჩემპიონო რბოლას კი ნელ-ნელა შორდება. კლუბის შიგნით არსებობს განცდა, რომ ცვლილება გარდაუვალია.
სიტუაცია მადრიდის რეალის სამწვრთნელო სკამზე: ვინ შეცვლის ალვარო არბელოას?
მწვრთნელის პოზიციაზე ასევე განიხილავენ იურგენ კლოპსა და მაურისიო პოჩეტინოს. ორივე მათგანი მადრიდის ხელმძღვანელობის მხრიდან დიდი სიმპათიით სარგებლობს.
კიდევ ერთი კანდიდატი დიდიე დეშამია, თუმცა მისი სიტუაცია შედარებით რთულია. სწორედ აქ ხდება ნაგელსმანის სახელი საინტერესო, მაგრამ ამავდროულად პრობლემურიც. 38 წლის ასაკში ის განსხვავებულ პროფილს წარმოადგენს: ტაქტიკურად მახვილი, თანამედროვე მიდგომებით და ტოპ-კლუბებში მუშაობის გამოცდილებით. მას საკმაოდ კარგი სტატისტიკა აქვს - მისი მოგების მაჩვენებელი 54%-ზე მეტია, ხოლო გერმანიის ნაკრებში 31 მატჩიდან 19 მოგება, 6 ფრე და 6 მარცხი დააფიქსირა.
ქაღალდზე ეს მონაცემები კარგად გამოიყურება, თუმცა რეალი იშვიათად კმაყოფილდება მხოლოდ კარგი შედეგებით.
რეალი ეძებს ისეთ მწვრთნელს, რომელსაც უმაღლეს დონეზე გამარჯვების ისტორია აქვს და რომლის ავტორიტეტიც გასახდელში კითხვებს არ გააჩენს. სწორედ აქ იწყება ეჭვები ნაგელსმანთან დაკავშირებით. მიუხედავად ნიჭისა, მას ჯერ კიდევ არ აქვს ისეთივე წონა, როგორიც სხვა კანდიდატებს. კლოპთან ან თუნდაც კარლო ანჩელოტის მემკვიდრეობასთან შედარებით, გერმანელს აკლია ის ელიტური გამოცდილება, რასაც რეალი ტრადიციულად პრიორიტეტად მიიჩნევს.
ამ დროისთვის, მიუხედავად იმისა, რომ მისი სახელი განიხილება, რეალ მადრიდს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.