ფეხბურთის საერთაშორისო ასოციაციების საბჭომ (IFAB) მიიღო გადაწყვეტილება, ოფიციალურად დატესტოს ე.წ. „ვენგერის თამაშგარე“.
წესის ავტორი არსენალის ლეგენდარული მწვრთნელი და ფიფას გლობალური ფეხბურთის განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი, არსენ ვენგერია.
რას გულისხმობს ახალი წესი?
ვენგერის ინიციატივით, თამაშგარე მდგომარეობა აღარ დაფიქსირდება, თუ ფეხბურთელის სხეულის რომელიმე (თუნდაც ერთი) ნაწილი, რომლითაც გოლის გატანაა შესაძლებელი, ბოლო მცველის ხაზზე ან მის უკან იქნება.
ამჟამინდელი წესი: ოფსაიდია, თუ თავდამსხმელის სხეულის ნებისმიერი ნაწილით ოდნავ მაინც ასწრებს მცველს.
ვენგერის წესი: ოფსაიდი ჩაითვლება მხოლოდ მაშინ, თუ ფეხბურთელი მთელი სხეულით უფრო ახლოსაა მეტოქის კართან, ვიდრე ბურთი და ბოლოსწინა მოწინააღმდეგე.
სად ჩატარდება ტესტირება?
BBC-ის ინფორმაციით, კანადის პრემიერ ლიგამ უკვე გამოთქვა მზადყოფნა, რომ ახალი წესი საკუთარ ჩემპიონატში გამოსცადოს. ექსპერიმენტის შედეგებს IFAB-ს წლის ბოლოს წარუდგენენ. თუმცა, არსებობს ერთი დაბრკოლება: კანადის ლიგაში არ არის VAR სისტემა, IFAB კი უფრო მასშტაბურ ტესტირებას ითხოვს იმ ჩემპიონატებში, სადაც ვიდეორეფერი მუშაობს.
თუ ექსპერიმენტი წარმატებული აღმოჩნდება, შესაძლოა წესები მთელ მსოფლიოში 2027/28 წლების სეზონიდან შეიცვალოს.