გურამ თუშიშვილმა 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა სკანდალურად დაასრულა.
ერთის მხრივ, ქართველს ბადეში არ გაუმართლა - მას 1/4 ფინალში 11 გზის მსოფლიო და 2 გზის ოლიმპიური ჩემპიონი ტედი რინერი შეხვდა.
ბრძოლა საკმაოდ დაძაბული გამოვიდა, თუშიშვილი ორწუთნახევარი მეტოქეს ტოლსწორად ედგა, თუმცა საბოლოოდ რინერის ილეთს წამოეგო და იპონით დამარცხდა.
გამარჯვების მომტანი ილეთის შესრულების შემდეგ, რინერმა თუშიშვილს ენა გამოუყო და პროვოკაციაზე წამოგება სცადა, რაც გამოუვიდა კიდეც - ქართველმა მას ეს ქმედება არ მოუთმინა და ტატამიზე სპორტსმენებს შორის მცირე შელაპარაკება მოხდა.

საბოლოოდ, რეფერიმ მხოლოდ თუშიშვილი დასაჯა. თუმცა, ოლიმპიური კომიტეტი უფრო შორს წავიდა და ქართველს რეპეშაჟში გადასვლის და ბრინჯაოსთვის ბრძოლის გაგრძელების საშუალებაც არ მისცა.
ის კი არა, თუშიშვილი ოლიმპიადიდან საერთოდ ჩაიხსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ ხვალ, 3 აგვისტოს, ის ვერც გუნდურ ტურნირში შეძლებს მონაწილეობის მიღებას.