-
Aa
+
ფონტის ზომა
2015/16 წლების სეზონის გახსნით დღეს, ტოტენჰემი ოლდ ტრაფორტზე, კაილ უოკერის ავტო გოლით დამარცხდა. 2025/26 წლის სეზონამდე ეს იყო უკანასკნელი შემთხვევა, როცა ჩრდილო ლონდონელები გასავარდნ ზონაში აღმოჩნდნენ.
განსხვავება ისაა, რომ თერთმეტი წლის წინანდელი შემთხვევა ერთი ტურიც არ გაგრძელდა, მეტიც სპურსმა ჩემპიონობისთვისაც იბრძოლა და საბოლოოდ ჩემპიონატი მესამე ადგილზე დაასრულა. დღეს ტოტენჰემი გადასარჩენად იბრძვის და რეალური საფრთხეა, 1977 წლის შემდეგ, პირველად დაქვეითდნენ ინგლისის უმაღლესი ლიგიდან.
ტოტენჰემი გახდა პირველი გუნდი მე-20 საუკუნეში, რომელმაც ინგლისური დუბლის მოგება შეძლო, ჩემპიონატი და ასოციაციის თასი. ეს 1961 წელს მოხდა. შემტევი და ლაღი ფეხბურთის მქადაგებელმა სპურსმა ტიტულების მოგება 60-იან და 70 წლებშიც განაგრძო, მათ შორის თასების მფლობელთა თასი, უეფას თასი და სხვა არაერთი შიდა ტიტული.
რა მოხდა, რომ საქმე ასეთ კატასტროფულ წერტილამდე მივიდა, როგორ ჩამოშორდა ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კლუბი უმაღლეს დივიზიონს და შესაძლებელია თუ არა წარსულ მაგალითზე სწავლა.
1976/77 წლების სეზონის 41-ე ტურის შეხვედრაში დეზები მეინ როუდზე მანჩესტერ სიტისთან 5-0 განადგურდნენ და ოფიციალურად დაქვეითდნენ მეორე დივიზიონში.
“სამწუხაროა, სპურსმა ფსკერს მიაღწია”- წავიკითხავდით “სანდეი მირორის” პირველ გვერდზე. პეტ ჯენინგმა, რომელიც იმ დროისთვის მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ ითვლებოდა, ეს ყველაფერი ასე ახსნა:
გავარდნა დღეს არ დაწყებულა — ეს პროცესი უკვე სამი წელია მიმდინარეობს
პეტ ჯენინგის კარში გატანილი გოლი. მანჩესტერ სიტი 5-0 ტოტენჰემი. მეინ როუდი. 1977
ჯენინგი 1974/75 წლების სეზონში ბილ ნიკოლსონის 16 წლიანი ეპოქის დასრულებას გულისხმობდა. მთავარი მწვრთნელი პირველ ოთხ ტურში განცდილი მარცხების შემდეგ წავიდა გუნდიდან. ჯენინგის თქმით ამან გასახდელზე ძალიან იმოქმედა, თუმცა აღნიშნავს რომ სპურსის იმპერიის დაშლა იმ დროისთვის უკვე დაწყებული პროცესი იყო - გუნდი თანდათან კარგავდა სიმტკიცეს, რადგან ვერ ახერხებდა წამყვანი ფეხბურთელების ღირსეულად ჩანაცვლებას.
ტოტენჰემ ჰოთსპურის შემადგენლობა. 1976/77.
1976/77 წლების სეზონი ტოტენჰემისთვის კატასტროფული გამოდგა - 42 მატჩში ჩრდილო ლონდონელებმა მხოლოდ 12-ის მოგება მოახერეხეს, 9 ფრედ ითამაშეს და 21 მატჩში დამარცხდნენ. 42 ტურის შემდეგ დეზები უკანასკნელ, 22-ე პოზიციაზე აღმოჩნდნენ. ბოლო ტურში უაით ჰართ ლეინზე ლესტერ სიტის დამარცხების შემდეგ, ფანებმა მოედანზე ბანერი გამოიტანეს “ჩვენ დავბრუნდებით”.
"ჩვენ დავბრუნდებით"
ჰოთსპურის ფანებისდა სამწუხაროდ უკეთესი მდგომარეობა არც წლევანდელ სეზონში აქვთ დეზებს. 2026 წელს პრემიერ ლიგაში ტოტენჰემის ანგარიშზე 0 მოგებაა და 15 მატჩიანი მოუგებელი სერიაა. სეზონში - 22 მარცხი 33 თამაშში.
ლონდონური კლუბი კატასტროფულად ახლოსაა 49 წლის წინანდელი შედეგის გამეორებასთან. კლუბის მაშინდელ და დღევანდელ მდგომარეობებს შორის კიდევ ისაა საერთო, რომ არც დღევანდელი კრიზისი არ დაწყებულა გუშინ. მიუხედავად იმისა რომ შარშან დეზებმა ევროპა ლიგა მოიგეს, 24/25 წლის სეზონი მე-17 ადგილზე დაასრულეს.
1977 წელს ფანების პირობა შესრულდა - სპურსი შემდეგ სეზონშივე დაბრუნდა უმაღლეს ლიგაში. დღეს, რთული სათქმელია, მოახერხებს თუ არა კაპიტნის გარეშე დარჩენილი ტოტენჰემი პრემიერ ლიგაში დარჩენას - ან გავარდნის შემთხვევაში მალევე დაბრუნებას. ერთადერთი რაც სპურსის ფანებს ახლა ამშვიდებთ ისაა, რომ არსენალი საკმაოდ ახლოსაა კიდევ ერთი პრემიერ ლიგის ტიტულს განიავებასთან…

ნიკოლოზ კვარაცხელია
კომენტარები