-
Aa
+
ფონტის ზომა
24 წლის წინ, 2002 წლის 15 მაისს, გლაზგოში ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს მადრიდის რეალი და ლევერკუზენის ბაიერი დაუპირისპირდნენ - ფარმაცევტების ოცნება ზინედინ ზიდანის ლეგენდარულმა გოლმა დაამსხვრია. დღევანდელ ბლოგში ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე უიღბლო გუნდზე, ანუ 2001/02 წლების ბაიერ ლევერკუზენზე მოგიყვებით.
ჩემპიონატის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე კლაუს ტოპმიოლერის გუნდი ბუნდესლიგის ცხრილს ლიდერობდა - ლევერკუზენს დორტმუნდის ბორუსიასთან ოთხქულიანი უპირატესობა ჰქონდა. ფარმაცევტების ჩავარდნა 31-ე ტურიდან დაიწყო - ბაიერმა ჯერ ჰამბურგს ვერ მოუგო გასვლაზე, შემდეგ კი ზედიზედ ორ მატჩში, ვერდერთან და ნიურნბერგთან დამარცხდა. პარალელურად ბორუსიამ დრამატულ მატჩში ჰამბურგი 3:4 დაამარცხა და ბოლო ტურს ლიდერის სტატუსით შეხვდა. საჩემპიონო მატჩი დორტმუნდელთათვის ცუდად დაიწყო, მაგრამ ბორუსიამ თამაშის შემოტრიალება შეძლო - ლევერკუზენმა ჩემპიონატი ერთი ქულით წააგო.
ბაიერის დამწუხრებული გულშემატკივრები ბუნდესლიგის ტიტულის დაკარგვის შემდეგ.
მიხაელ ბალაკს და კომპანიას ხასიათის გამოკეთების შესაძლებლობა ზუსტად ერთ კვირაში მიეცათ - ლევერკუზენი გერმანიის თასის ფინალში შალკეს დაუპირისპირდა. ბერლინის ოლიმპიურ სტადიონზე გამართული შეხვედვრა ფარმაცევტებისთვის კარგად დაიწყო - დიმიტარ ბერბატოვმა ანგარიში 27-ე წუთზე გახსნა. გელზენკირხენელებმა ანგარიში პირველი ტაიმის ბოლო წუთზე გაათანაბრეს - მეორე ტაიმში კი კიდევ სამჯერ აიღეს ჰანს იორგ ბუტის კარი. ულფ კირსტენმა მხოლოდ პრესტიჟის გოლის გატანაღა მოახერხა - ბაიერმა ერთი კვირის შუალედში მეორე გერმანული ტიტული დათმო.
გერმანიის თასის ფინალი. შალკე 4:2 ლევერკუზენი.
ფარმაცევტებს მთავარი გამოცდა თასის წაგებიდან ოთხ დღეში ელოდათ - ლევერკუზენის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაწყებული გზა ფინალამდე მივიდა. ორი ჯგუფური ეტაპი, გაგდებული ლივერპული და მანჩესტერი - ბაიერს ფინალში მადრიდის რეალი ელოდა.
სასწორის ერთ მხარეს ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველად მოგება, ხოლო მეორე მხარეს თერთმეტდღიან მონაკვეთში მესამე ტიტულის დაკარგვა იდო. ლიგის მოგება მადრიდელთათვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მისიას წარმოადგენდა - ვერ გამარჯვების შემთხვევაში, სეზონი ბლანკოსისთვისაც უტიტულო გამოვიდოდა.
ჩემპიონთა ლიგის ფინალი. გლაზგო. 2002.
გლაზგოში, ჰამპდენ პარკზე გამართულ შეხვედრაში ანგარიში რაულ გონსალეს ბლანკომ გახსნა - რობერტო კარლოსის აუტიდან მოწოდებული ბურთი ერთი შეხებით გადაგზავნა ბუტის კარში. მე-13 წუთზე ანგარიში გათანაბრდა - შნაიდერის ჩაწოდებას ლუსიო გამოეხმაურა.
ტაიმის ბოლოს რობერტო კარლოსმა კიდევ ერთხელ ჩააწოდა, ამჯერად ფეხით, რასაც ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე იკონური გოლი მოჰყვა - ზინედინ ზიდანმა ჰანს იორგ ბუტის კარში ბურთი ჰაერიდან დაუშვებლად გადაგზავნა.
ზიდანს გააქვს გამარჯვების გოლი ბაიერის კარში.
გერმანელებს ვერც მადრიდელთა კიპერის, სეზარ სანჩესის ტრავმამ უშველა - შეცვლაზე შემოსულმა იკერ კასილასმა ლიგის ფინალების ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო პერფორმანსი შემოგვთავაზა. მადრიდის რეალმა მეცხრედ აღმართა ჩემპიონთა ლიგის თასი.
ასე დაეშვა ბაიერ ლევერკუზენი ყველაფრიდან არაფრამდე თერთმეტ დღეში.
მიხაელ ბალაკი მადრიდელთა ზეიმის ფონზე.

ნიკოლოზ კვარაცხელია
კომენტარები