არენამაქსი
ქვიზები
სპორტის გურუ
სიახლეები
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
2006 წელს კალჩოპოლის სკანდალში ყველაზე მკაცრად დასჯილი მონაწილე რომ ტურინის იუვენტუსი იყო, ყველამ იცის. გარიგებული მატჩების საყოველთაოდ გამჟღავნებამ მთელი საფეხბურთო სამყარო შოკში ჩააგდო, თუმცა ისიც ყველამ იცოდა, რომ სინამდვილეში კალჩოპოლი უბრალოდ კულმინაცია იყო იტალიურ ფეხბურთში არსებული კორუფციისა და თაღლითობის მრავალწლიანი პრაქტიკისა.
კალჩოპოლიმდე იყო ე.წ. ტოტონერო ანუ იტალიურ ფეხბურთში პირველი მასშტაბური გარიგებული მატჩების სკანდალი. ტოტონეროს ამბავი 1980 წელს გასკდა, როდესაც იტალიის ფინანსთა სამინისტრომ გამოავლინა სინდიკატი, რომელიც ფეხბურთელებსა და საფეხბურთო კლუბის წარმომადგენლებს თამაშების შედეგების გაყალბებისთვის ფულს უხდიდა. იმ დროს მილანსა და ლაციოს იგივე ბედი ეწიათ, რაც - იუვენტუსს 2006 წელს - ორივე გუნდი სერია B-ში დააქვეითეს. ასეთი სახელოვანი და წარმატებული კლუბების დანაშაულებისა და დაკნინების პარალელურად კი როგორც წესი, სხვა გუნდები ქმნიანენ თავიანთ საფეხბურთო ისტორიებს, რაც ფეხბურთს კიდევ უფრო საინტერესოსა და მიმზიდველს ხდის.
ტოტონეროს სკანდალი მნიშვნელოვანი ცვლილების კატალიზატორი გახდა. 1984-85 წლების სერია A-ს სეზონისთვის მსაჯები შემთხვევითობის პრინციპით უნდა დაენიშნათ, არათუ კომისიის მიერ წინასწარი შერჩევით, როგორც ადრე იყო მიღებული.
ეს ნაბიჯი, რომელიც იტალიური ფეხბურთის იმიჯის გაუმჯობესების მცდელობის ნაწილი იყო, სამუდამოდაა დაკავშირებული სერია A-ში ყველა დროის ყველაზე მოულოდნელ გამარჯვებასთან - ვერონამ კალჩოს ერთ-ერთი ყველაზე რომანტიკული ისტორია შექმნა, როდესაც რომეოსა და ჯულიეტას პატარა ქალაქის კლუბმა ჰელას ვერონამ 1985 წელს პირველი და ერთადერთი სკუდეტოს მოგება მოახერხა.
ვენეტოს რეგიონის ეს მოკრძალებული კლუბი 1903 წელს დაარსდა, სერია A-ში კი პირველად 1957-58 წლების სეზონში იასპარეზა. „ლურჯ-ყვითლების“, „მასტიფებისა“ და „სკალიჯერების“ მეტსახელებით ცნობილი გუნდის არსებობის დიდი ნაწილი ქვეყნის პირველ და მეორე ლიგებს შორის სიარულს მოიცავს, თუმცა ერთი ოქროს ფურცელი ვერონას საფეხბურთო ისტორიის წიგნშიცაა.
1981 წლის ივლისში ვერონა ოსვალდო ბანიოლიმ ჩაიბარა. ახალგაზრდა მწვრთნელის პირველივე სეზონში გუნდი სერია B-ს გამარჯვებული გახდა და იტალიის ჩემპიონატში მეოთხედ აღზევდა, სადაც 1982-83 წლების გათამაშებაში მე-4 ადგილზე გავიდა და UEFA-ს თასზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
ევროტურნირის პირველ წრეში ცრვენა ზვეზდას ძლევის (1:0, 3:2) შემდეგ ვერონელები გრაცის შტურმმა ორი ყაიმით და სტუმრად გატანილი გოლებით (0:0, 2:2) შეაჩერა. რაც შეეხება 1983-84 წლების სერია A-ს, აქ ბანიოლის გუნდს საბოლოოდ მე-8 პოზიცია ერგო.
იტალიის ვარსკვლავურ ჩემპიონატში, სადაც ისეთი სახელები ბრწყინავდნენ, როგორებიც მიშელ პლატინი, ზბიგნევ ბონეკი, ფალკაო, ზიკო, დანიელ ბერტონი, დანიელ პასარელა, ალესანდრო ალტობელი, რობერტო პრუცო, ბრუნო კონტი, ფრანჩესკო გრაციანი, პაოლო როსი, ანტონიო კაბრინი, კლაუდიო ჯენტილე, მარკო ტარდელი და კიდევ სხვები იყვნენ, ახალბედა ვერონელები შესანიშნავად გამოიყურებოდნენ და 1984-85 სეზონის ტრიუმფიც, რომელიც იმხანად წარმოდუგენელი წარმატება იყო, სრულიად ლოგიკური გახლდათ.
ხსენებული სეზონი იტალიაში იმითაც გამოირჩა, რომ სერია A-ს დაწყებამდე აპენინებზე სათამაშოდ კარლ-ჰაინც რუმენიგე და დიეგო მარადონა ჩავიდნენ. ჰელას ვერონას ხმაურიანი წარმატების ისტორია სწორედ ლეგენდარული არგენტინელის დებიუტით დაიწყო: „პარტენოპეი“ ჩემპიონატის გახსნის დღეს სუპერვარსკვლავთან ერთად ვენეტოში გაემგზავრა, რასაც დიდი ზარ-ზეიმი და საყოველთაო ყურადღება ახლდა თან, თუმცა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელიცა და ნეაპოლელებიც იმედგაცრუებულები დარჩნენ, რადგან პატარა პროვინციულმა კლუბმა მათი დამარცხება (3:1) შეძლო.
უცხოელი ვარსკვლავები ვახსენეთ და თავად ვერონელებმაც დაიმატეს საიმსეზონედ ორი ლეგიონერი: გერმანელი უკანახაზელი ჰანს-პეტერ ბრიგელი კაიზერსლაუტერნიდან და დანიელი ფორვარდი პრებენ ელკიარ ლარსენი ბელგიური ლოკერენიდან. ნეაპოლელთა კარში პირველი გოლი სწორედ ვეტერანმა გერმანელმა გაიტანა, რომელმაც სადებიუტო მატჩში მარადონაც სრულად გაანეიტრალა.
ელკიაერი, რომელსაც ექსცენტრულობისა და სითამამის გამო იტალიაში „ილ სინდაკო“ (იტალიურად: ქალაქის მერი, თუმცა ასევე - მაფიის ბოსი) შეარქვეს, ტექნიკურ სათამაშო სტილსა და გამარჯვების ძლიერ სურვილს აერთიანებდა. ორ გამორჩეულ უცხოელს იტალიელებიც კარგად უბამდნენ მხარს, განსაკუთრებით - ნახევარმცველი ანტონიო დი ჯენარო და თავდამსხმელი ჯუზეპე გალდერიზი. სწორედ ვერონაში კარგი ასპარეზობის წყალობით მოხვდნენ ეროვნულ ნაკრებში დი ჯენარო, გალდერიზი და გუნდის კაპიტანი მცველი რობერტო ტრიჩელა.
„მასტიფებმა“ ჩემპიონატში პირველი მარცხი 13 იანვარს, მე-15 ტურში, სტუმრად აველინოსთან (1:3) იწვნიეს, სულ კი ორჯერ დამარცხდნენ: 14 აპრილს, პირველობის დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე ბანიოლის გუნდმა შინ ტორინოსთან 1:2 წააგო, როდესაც მეორე ტაიმში ალდო სერენასა და ვალტერ შახნერის გოლებს ბრიგელმა ერთით უპასუხა.
საჩემპიონო სეზონში ვერონელები უხვგოლიანობით არ გამოირჩეოდნენ. გუნდის ჩატარებულ მატჩებში ხშირად ფიქსირდებოდა 0:0, 1:0, 1:1, 2:0 და 2:1 ანგარიშები, რაც იმაზე მეტყველებდა, რომ ოსვალდო ბანიოლის დამოძღვრილი „სკალიჯერები“ კლასიკურ კატენაჩოს - ფრთხილ, პრაგმატულ და შედეგზე ორიენტირებულ ფეხბურთს თამაშობდნენ. აღსანიშნავია ისიც, რომ სერია A-ში ვერონამ მხოლოდ 17 ფეხბურთელი ათამაშა, მთლიანად სეზონში კი - ერთით მეტი.
განსხვავებული შესაძლებლობებისა და ტალანტების მქონე მოთამაშეთა ნაზავი ბანიოლიმ მყარ და შეკრულ გუნდად აქცია, რომელმაც 1984-85 წლების სერია A-ში მხოლოდ 19 გოლი გაუშვა. ორგანიზებული დაცვითა და კონტრშეტევებით გამორჩეულ „ჯალობლუში“ კაპიტანი ტრიჩელა ლიბეროს როლში მოქმედებდა, რომელსაც დაცვის ცენტრში სილვანო ფონტოლანი ახლდა, ფრთებს კი მაურო ფერონი და ლუჩანო მარანგონი ამაგრებდნენ. გუნდის მეკარე არაორდინალური სტილით ცნობილი, გამოცდილი და საიმედო კლაუდიო გარელა იყო, რომელმაც სხვათა შორის, საჩემპიონო სეზონის შემდეგ ვერონა დატოვა და ნაპოლის შეუერთდა, სადაც ორ წელიწადში ასევე იზეიმა სკუდეტოს მოგება.
რაც შეეხება ჩემპიონატში „მასტიფების“ მთავარ კონკურენტ იუვენტუსს, ტურინელებმა შიდა ჩემპიონატი აშკარად ჩააგდეს, თუმცა იმავე სეზონში ევროპის ჩემპიონთა თასი უძლიერესი ლივერპულის დამარცხებით აღმართეს. ვერონაში „ბიანკონერი“ მე-5 ტურში დამარცხდა, როდესაც გალდერიზიმ და ელკიაერმა მეორე ტაიმში ორი უპასუხო ბურთი გაუტანეს ჯოვანი ტრაპატონის გუნდს, ტურინში გამართული განმეორებითი შეხვედრა კი თებერვალში ფრედ 1:1 დასრულდა.
დასუსტებული იყო ტოტონეროს სკანდალისას დასჯილი და სერია B-დან ორი წლის წინ ამოსული მილანიც. რომა, ინტერნაციონალე, სამპდორია და ტორინო კი „ლურჯ-ყვითლებს“ ჩემპიონობაში ვეღარ შეეცილნენ - ჰელას ვერონა იტალიის ჩემპიონი ბოლოსწინა ტურში, ბერგამოში ნათამაშები ფრით (1:1) გახდა. უკანასკნელ 30-ე შეხვედრაში „ლურჯ-ყვითლებმა“ შინ აველინოს აუღეს რევანში - 4:2.
სამწუხაროდ, მცირე რესურსების მქონე კლუბმა წარმატება ვერ შეინარჩუნა და მომდევნო სეზონში იტალიის ჩემპიონატში მე-10 ადგილი დაიკავა, სკუდეტო კი ტურინულმა გრანდმა დაიბრუნა.
ხანმოკლე და წარუმატებელი გამოდგა ვერონელთა ევროპული ვოიაჟიც. უპრესტიჟულესი ჩემპიონთა თასის პირველ წრეში ბერძნული პაოკ-ის დამაჯერებელი ძლევის (3:1, 2:1) შემდეგ, ბანიოლის გუნდი მერვედფინალში იუვენტუსს შეხვდა, „ზებრებმა“ კი სტუმრად უგოლო ფრის შემდეგ ტურინში 2:0 იმარჯვეს.
მომდევნო სეზონებში ვერონა წამყვანმა ფეხბურთელებმა დატოვეს: პირველი პიეტრო ფანა (ინტერში) და მეკარე გარელა (ნაპოლიში) წავიდნენ, ბრიგელი გენუის სამპდორიაში გადაბარგდა, გალდერიზი - მილანში, ელკიაერი კი - დანიურ ველიეში. „მასტიფების“ რიგებს ერთი წლით პაოლო როსი შეუერთდა, თუმცა 1986-87 წლების სეზონი ლეგენდარული ფორვარდისთვის კარიერაში უკანასკნელი იყო. 1990 წელს ჰელას ვერონა ოსვალდო ბანიოლიმაც დატოვა და სამუშაოდ ჯენოას მიაშურა.
ბევრი იმედოვნებდა, რომ მოკრძალებული კლუბის ჩემპიონობა კალჩოსთვის უფრო სუფთა და პატიოსანი მომავლის მომტანი გახდებოდა. ვერონას სკუდეტო ხომ ფეხბურთის გარე გავლენებისგან გათავისუფლების შედეგი იყო - თანასწორი სათამაშო მოედნის, სადაც წარმატებას მხოლოდ სპორტული ღირებულებები განსაზღვრავდა. ვერონას მოპოვებული სკუდეტო კი უამრავი ქომაგისთვის ადასტურებდა ეჭვებს, რომ იტალიის ფეხბურთის მამები ტურინის, მილანისა თუ რომის დიდ კლუბებს მათთვის ხელსაყრელი მსაჯების შეთავაზებით ეხმარებოდნენ...
ასეა თუ ისე, ჰელას ვერონას მიერ იტალიის ერთი წლით დაპყრობა უდავოდ იყო იმის შეხსენება, რომ ფეხბურთს იშვიათად, თუმცა მაინც შეუძლია, მოულოდნელი და უპროგნოზო გამარჯვებების მოტანა პატარა გუნდებისთვის სახელოვან და ტიტულოვან გრანდებთან ჭიდილში. რომეო და ჯულიეტას პატარა ქალაქის დიდი წარმატებაც იტალიის უდიდეს საფეხბურთო ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ გამარჯვებად რჩება დღემდე.
კითხვის გასაგრძელებლად
გაიარე ავტორიზაცია
პაატა ჩახვაშვილი
კომენტარები