15 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
არსებობს ეჭვი, რომ მამაკაცი სათხილამურო მხტომელები სპორტული შედეგების გასაუმჯობესებლად პენისზე ინექციებს იკეთებენ.
იანვარში გერმანულმა გამოცემა Bild-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზოგიერთი მხტომელი პენისში ჰიალურონის მჟავის ინექციას მანამდე იკეთებს, სანამ მათ სპორტულ კოსტიუმებს გაზომავენ.
ჰიალურონის მჟავა, რომელიც სპორტში აკრძალული არ არის, შეიძლება გამოყენებულ იქნას პენისის გარშემოწერილობის ერთიდან ორ სანტიმეტრამდე გასაზრდელად.
ეს გაზრდიდა მოთხილამურეების კოსტიუმის ზედაპირის ფართობს შეჯიბრების დროს, რაც, საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციის (FIS) მიხედვით, შეიძლება ჰაერში ფრენის მანძილის ზრდას იწვევდეს.
„კოსტიუმზე ყოველი დამატებითი სანტიმეტრი მნიშვნელოვანია. თუ შენს კოსტიუმს 5%-ით მეტი ზედაპირის ფართობი აქვს, უფრო შორს მიფრინავ,“ - განაცხადა FIS-ის მამაკაცთა სათხილამურო ხტომის რბოლების დირექტორმა სანდრო პერტილემ.
Bild-ის მიერ გავრცელებულ ბრალდებებზე მილან-კორტინას ზამთრის ოლიმპიადაზე გამართულ პრესკონფერენციაზე კითხვაზე პასუხისას WADA-ს გენერალურმა დირექტორმა ოლივიე ნიგლიმ თქვა:
„მე არ ვიცი სათხილამურო ხტომის დეტალები და ის, თუ როგორ შეიძლება ეს შესრულებაზე აისახოს. თუ რაიმე გამოვლინდება, ჩვენ ამას განვიხილავთ და შევაფასებთ, უკავშირდება თუ არა დოპინგს. სხვა [არადოპინგურ] საშუალებებს შესრულების გასაუმჯობესებლად ჩვენ არ ვეხებით.“
კითხვით აშკარად გაერთო WADA-ს პოლონელი პრეზიდენტი ვიტოლდ ბანკა, რომელმაც იხუმრა:
„სათხილამურო ხტომა პოლონეთში ძალიან პოპულარულია, ამიტომ გპირდებით, რომ ამას აუცილებლად შევისწავლი.“
FIS-ის კომუნიკაციების დირექტორმა ბრუნო სასიმ BBC Sport-ს უთხრა:
„არასოდეს ყოფილა არანაირი მინიშნება, მით უმეტეს მტკიცებულება, რომ რომელიმე სპორტსმენმა ჰიალურონის მჟავის ინექცია კონკურენტული უპირატესობის მისაღებად გამოიყენა.“
ყოველი სეზონის დაწყებამდე სათხილამურო მხტომელები სხეულის 3D სკანერებით იზომებიან, რა დროსაც მათ მხოლოდ „ელასტიკური, სხეულზე მჭიდროდ მომდგარი საცვალი უნდა ეცვათ“.
წესების მიხედვით, კოსტიუმებზე დაშვებული ტოლერანტობა მხოლოდ 2-4 სანტიმეტრია, ხოლო გაზომვის პროცესის ფარგლებში სპორტსმენების საზარდულის სიმაღლეც იზომება. კოსტიუმის საზარდულის სიმაღლე უნდა შეესაბამებოდეს სპორტსმენის რეალურ საზარდულის სიმაღლეს, მამაკაცებისთვის დამატებული 3 სანტიმეტრით.
პენისში შეყვანილი ჰიალურონის მჟავის ეფექტი შეიძლება 18 თვემდე გაგრძელდეს.
აგვისტოში ნორვეგიელმა ოლიმპიურმა მედალოსნებმა მარიუს ლინდვიკმა და იოჰან ანდრე ფორფანგმა მამაკაცთამსოფლიო ჩემპიონატზე კოსტიუმების შეცვლაში მონაწილეობის გამო სამთვიანი დისკვალიფიკაცია მიიღეს.
მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით გაირკვა, სპორტსმენებმა თავად არ იცოდნენ ამ მანიპულაციების შესახებ, FIS-მა განაცხადა, რომ მათმა გუნდმა „სისტემის მოტყუება სცადა“ ხტომის კოსტიუმებში გამაგრებული ძაფების ჩაკერვით.
ორივე სპორტსმენი ამ ზამთრის ოლიმპიადაზე იასპარეზებს, რომელიც ოფიციალურად დღეს, 6 თებერვალს იწყება. მამაკაცთა სათხილამურო ხტომის შეჯიბრება ორშაბათს დაიწყება.

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები