კალათბურთის გულშემატკივართა აბსოლუტური უმრავლესობა ევრობასკეტ 2025-ის 1/4 ფინალში საფრანგეთისა და სერბეთის შეხვედრას ელოდა, თუმცა, 1/2 ფინალის საგზურს მათი დამმარცხებლები - საქართველო და ფინეთი გაითამაშებენ.
საქართველოს ნაკრებმა ტურნირის პირველ შეხვედრაში მოქმედ ჩემპიონ ესპანეთთან გამარჯვების შემდეგ, წინა გათამაშების ფინალისტ საფრანგეთს უკვე პლეი-ოფში 10-ქულიანი სხვაობით მოუგო და ტურნირს მიღმა ერთ-ერთი ფავორიტი დატოვა, თავად კი 1/4 ფინალურ ეტაპზე ისტორიაში პირველად გავიდა - მე-6 ევრობასკეტზე მონაწილეობს. საქართველო 26-ე ქვეყანაა, რომელმაც ტურნირის ამ სტადიაზე მონაწილეობის უფლება მიიღო.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე
FIBA-ს ოფიციალურმა ვებგვერდმა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ კამარ ბოლდუინი დაასახელა და მასზე დაწერა: „კამარ ბოლდუინმა ევრობასკეტზე თავისი კარიერის ყველაზე შედეგიანი მატჩის სათამაშოდ ბრწყინვალე დრო შეარჩია. 10-დან 8 სროლა ჩააგდო და 24 ქულა დააგროვა. საქართველოს ნაკრების შეტევებს იგი დირიჟორობდა და საიმედო პარტნიორობა ჰქონდა თორნიკე შენგელიასთან, რომელმაც ასევე 24 ქულა ჩააგდო“.

სტატისტიკა არ იტყუება
საქართველოს ნაკრებმა საუკეთესო სასროლი პერფორმანსი აჩვენა მაშინ, როცა ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა - 18-დან 10 ჩაგდებული ბურთი (56%) პერიმეტრიდან, იმ ფონზე, რომ ფრანგებმა 3-ქულიანები 17%-იანი სიზუსტით ესროლეს - 36-დან 6.
სენსაცია, რომელზე უფრო დიდი მოულოდნელობის გასახსენებლად კარგად უნდა დავფიქრდეთ
საქართველოს საფრანგეთის ნაკრებთან გამარჯვება მიმდინარე ევრობასკეტისა და მთლიანად ტურნირის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი სენსაციაა. მათ დაამარცხეს ნაკრები, რომელიც ბოლო 6 ევრობასკეტზე (2011 წლიდან მოყოლებული) - გახდა ჩემპიონი - 2013-ში, ორჯერ მეორე ადგილზე გავიდა და ერთხელ მესამეზე.
ალექსანდრ ჯიკიჩმა თავისი კალათბურთელები ბრწყინვალედ მომართა და მთელი 40 წუთის განმავლობაში სათამაშო გეგმიდან ერთი წამითაც არ გადაუხვევიათ, მაშინაც კი, როცა საფრანგეთს კარგი წუთები ჰქონდა და ქულებს აგროვებდა.

„საქართველოს ნაკრებმა თავისი საუკეთესო თვისებები გამოავლინა და წინა ტურნირის ფინალისტი დაამარცხა. თოკო შენგელია თავის ნაკრებს ისტორიაში პირველ 1/4 ფინალში გაუძღვა“, - წერს FIBA-ს საიტი.
მართალია, საფრანგეთის ნაკრებს ამ ტურნირზე ვიქტორ ვემბანიამა, რუდი გობერი და ევან ფურნიე აკლდა, მაგრამ მაინც იმედოვნებდნენ, რომ ახალგაზრდებით დაკომპლექტებული გუნდით მედლის პრეტენდენტები იქნებოდნენ. საბოლოოდ, ბოლო 26 წელში მეორედ მოხდა, როცა საფრანგეთის ნაკრები ევრობასკეტის საუკეთესო 8 გუნდს მიღმა დარჩა - 2017-შიც 1/8 ფინალში დამარცხდნენ.
საქართველოს ნაკრების შემდეგი გაჩერება ფინეთია, რომელმაც კიდევ ერთი დიდი სენსაცია შემოგვთავაზა და სერბეთის ნაკრები დაამარცხა. ქართველები და ფინელები ევრობასკეტზე ერთხელ შევხდნენ - 2011-ში და მაშინ ფინეთმა მოიგო.
ფინეთთან ურთიერთშეხვედრები და შანსები ევრობასკეტის 1/4 ფინალში