საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის 1/4 ფინალში ისტორიაში პირველად ითამაშებს და შეხვდება ფინეთს, რომელიც საუკეთესო 8 გუნდში 1939 და 1967 წლების ტურნირზე ყოფილა.
ნეიტრალურ გულშემატკივრებს ამ წყვილის მონაწილეებად საფრანგეთი და სერბეთი წარმოედგინათ, მაგრამ 1/8 ფინალში დამარცხდნენ ნაკრებები, რომლებიც მედლების პრეტენდენტებად სახელდებოდნენ. FIBA-ს ოფიციალური ვებგვერდი ორივე თამაშის შედეგს ევრობასკეტის 90-წლიან ისტორიაში დიდ მოულოდნელობებს შორის ასახელებს და ამის შესახებ სტატიაც გამოაქვეყნა.
ორი „ანდერდოგის“ უდიდეს ვნებას საკალათბურთო ხარისხიც ემატება, სასწორზე კი დევს 1/2 ფინალის საგზური, რაც ორივე გუნდისთვის ისტორიული შედეგი იქნება.
ფინეთის ნაკრებს ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა 1967 წლის ევრობასკეტზე, როცა მე-6 ადგილისთვის მატჩში ისრაელი დაამარცხა და დღემდე გამორჩეულ შედეგს მიაღწია.
ორივე გუნდს ისტორიის გადაწერა სურს და თუ ერთ მხარეს ლაური მარკანენია, მეორე მხარეს შენგელია-ბითაძე-მამუკელაშვილის ტრიოა, რაც მიგვანიშნებს იმაზე, რომ წინ ძალიან საინტერესო შეხვედრა გველოდება.
ფაქტები
საქართველოსა და ფინეთის ნაკრებები, ევრობასკეტის ეგიდით, მეორედ შეხვდებიან - 2011-ში ფინელებმა მოიგეს;
ბოლო ურთიერთშეხვედრები გასული წლის ნოემბერში, 3-დღიან ინტერვალში, ევრობასკეტის შესარჩევ ეტაპზე, შედგა - საქართველომ ორივე მატჩი მოიგო: სტუმრად 90:83, შინ 81:64;
ნოემბრის ორი მატჩის ჯამში ფინელებს შენგელიამ - 49, ბოლდუინმა კი 45 ქულა ჩაუგდო;
ნოემბრის ორი მატჩის ჯამში ოლივიე ნკამუა იყო ერთადერთი, ვინც ორმაგი დუბლი შეასრულა - ფინეთში გამართულ მატჩში 22 ქულა და 10 მოხსნა;
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის ისტორიაში 26-ე გუნდია, რომელიც 1/4 ფინალში ითამაშებს.
საქართველოსა და ფინეთის ნაკრებთა შეხვედრა 10 სექტემბერს, რიგაში, თბილისის დროით 18:00 საათიდან დაიწყება.