საქართველოს, პორტუგალიის, რუმინეთისა და ესპანეთის რაგბის კავშირებმა ალიანსი შექმნეს.
მხარეებმა ოთხი ერის ალიანსის (IV Nations Alliance) დამფუძნებელ მემორანდუმს ხელი მოაწერეს. ალიანსის შექმნის იდეა გაჩნდა თბილისში, როცა აღნიშნული ქვეყნების წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრები გამართეს.
ალიანსი იმოქმედებს რაგბი ევროპის და მსოფლიო რაგბის ფარგლებში და წარადგენს ინიციატივებს, რომლებიც მთლიანად რეგიონში რაგბის განვითარებასა და გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. ალიანსის მიზანი ძალების განვითარების ყველა მიმართულებით გაერთიანებაა - სპორტიდან დაწყებული, ფინანსურ და კომერციულ განვითარებამდე, ასევე ინსტიტუციურ საკითხებამდე.
ოთხი ქვეყანა მიზნად ისახავს საკუთარ ქვეყნებში რაგბის კიდევ უფრო გაძლიერებას, საერთაშორისო ასპარეზზე კონკურენტუნარიანობის ზრდასა და სპორტის უფრო ძლიერი და მდგრადი ეკონომიკური საფუძვლის შექმნას. ალიანსის მუშაობის პირველი მიმართულებები მოიცავს:
1. მაღალი მიღწევების მიმართულებით, მწვრთნელთა განათლებისა და ასაკობრივი რაგბის სფეროებში თანამშრომლობას;
2. წევრ ქვეყნებს შორის ახალი, უფრო მაღალი დონის შეჯიბრებების ფორმატების შესწავლას;
3. ერთობლივი კომერციული შესაძლებლობების განვითარებას;
4. საერთაშორისო ორგანიზაციებში კოორდინირებული პოზიციების ჩამოყალიბებას.
ალიანსს უხელმძღვანელებს მმართველი კომიტეტი, რომლის თავმჯდომარეობაც როტაციის პრინციპით განხორციელდება.
"ახლა უფრო დიდი და ძლიერი ხმა გვაქვს, რათა განვითარება განვაგრძოთ", - განაცხადა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, დავით კაჭარავამ.
"ეს ალიანსი აძლიერებს პორტუგალიის ამბიციას, განვითარდეს და დამკვიდრდეს საერთაშორისო რაგბის უმაღლეს დონეზე", - პორტუგალიის რაგბის კავშირის პრეზიდენტი, კარლოს ამადო და სილვა.
"ძალიან ბედნიერები ვართ, რომ პირველად გვაქვს შესაძლებლობა, ერთად გვქონდეს საერთო ხმა", - რუმინეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტი, ალინ პეტრაკე.
"ძალიან მოხარულები ვართ, რომ შეთანხმებას მივაღწიეთ, რომელიც ხელს შეუწყობს იმ ტრანსფორმაციის პროცესს, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ", - ესპანეთის სამეფო რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი, ხუან კარლოს მარტინ ჰანსენი.
ფოტო: საქართველოს რაგბის კავშირი