ერთა ლიგის მე-3 ტურის ეგიდით, უნგრეთთან გასვლითი მატჩის წინ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ პრესკონფერენციაზე შეფასებები გააკეთა.
"უნგრეთის ნაკრები კარგი გუნდია და პატივს ვცემთ, თანაც შინ თამაშობენ. კარგად შეთამაშებული და ორგანიზებული გუნდია. იმასაც კარგად ვაცნობიერებთ, რომ, ჩვენ მსგავსად, მათთვისაც ერთ-ერთი ბოლო შანსია ამ შეხვედრის მოგება, რათა პირველი ადგილისთვის ბრძოლა გააგრძელონ.
მეტოქეს რა მოცემულობაც არ უნდა ჰქონდეს, ჩვენ ჩვენი გეგმები გვაქვს და დადებითი შედეგის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებთ.
შემადგენლობის შერჩევა დამოკიდებული იქნება ფეხბურთელების ფიზიკურ მომზადებაზე, სათამაშო ფორმასა და მეტოქეზე. ჩემი კრიტერიუმები ყოველთვის ესენია. ამჟამად გვაქვს გარკვეული პრობლემები, რომლებიც, იმედი მაქვს, დროსთან ერთად მოგვარდება. როტაცია ყოველთვის საჭიროა, მაგრამ არსებობს ფაქტორები, რომლებიც ღიად არ ჩანს და მათზე ლაპარაკი არ ღირს.
ნებისმიერი ფეხბურთელი, რომელიც იცვლება, გულდაწყვეტილი გამოდის მოედნიდან, რაც ნორმალური და კარგი ემოციაა, ეს ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია. ჟორჟთან სასაუბრო არაფერი ყოფილა - ისიც და მთელი გუნდიც კარგ ფორმაში არიან და თამაშს ველოდებით.
ბუდუ იქნება, იეგოიანი თუ ნებისმიერი სხვა ფეხბურთელი, არსებობს საკითხები, რომლებზეც ღიად არ ვსაუბრობთ. გულშემატკივარში გაჩნდა კითხვები, თუმცა არსებობს პატარ-პატარა პრობლემები, მიკრო ტრავმები და სხვა მიზეზები, რომელთა გამოც თითოეულ ფეხბურთელს შეიძლება გავუფრთხილდეთ. სათამაშო 4 მატჩი გვაქვს და თითოეული ფეხბურთელი მზად უნდა იყოს მოედანზე გასასვლელად მაშინ, როცა ამას საჭიროდ მწვრთნელი ჩათვლის", - განაცხადა სვანაძემ.
უკრაინასთან შეხვედრა რამაზ სვანაძისთვის ეროვნული ნაკრების მწვრთნელის რანგში მეორე თამაში იყო - 2020 წლის ნოემბერში, ვლადიმირ ვაისის წასვლის შემდეგ, ჯვაროსნებს ესტონეთთან მატჩში უხელმძღვანელა. ორივე თამაში 0:0 დასრულდა.
უნგრეთისა და საქართველოს ნაკრებთა შეხვედრა 2 ოქტომბერს, ჩვენი დროით 22:45 საათიდან დაიწყება. პირდაპირი რეპორტაჟი პირველ არხზეა.
დამთხვევა და მნიშვნელოვანი სტატისტიკა, რომლებიც გუნდებს აერთიანებს