-
Aa
+
ფონტის ზომა
2 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მესამე ტურის მატჩს უნგრეთის წინააღმდეგ გამართავს. რამაზ სვანაძის გუნდი ბუდაპეშტში მოსამზადებელ ეტაპს გადის - მატჩი პუშკაშ არენაზე, 22:45-ზე გაიმართება. დღევანდელ ბლოგში კი საქართველოსა და უნგრეთის საფეხბურთო დაპირისპირების მოკლე ისტორიას მოგიყვებით.
უნგრეთი იმ ევროპულ ნაკრებთა სიაშია, რომელთაც საქართველო ბევრჯერ არ შეხვედრია - ქართველები მაგიარებს საფეხბურთო მოედნაზე მხოლოდ ორჯერ დაუპირისპირდნენ, ორივე შეხვედრა 2002 წლის მუნდიალის შესარჩევი ციკლის ფარგლებში გაიმართა.
კორეა-იაპონიაში გასამართი მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ციკლში საქართველო ჯგუფში იტალიასთან, რუმინეთთან, უნგრეთთან და ლიტვასთან ერთად მოხვდა.
საქართველო უნგრეთს მეხუთე ტურში, 2001 წლის 6 ივნისს შეხვდა - ბუდაპეშტში გასამართ შეხვედრას დავით ყიფიანი შემდეგი შემადგენლობით შეხვდა:
ზოიძე; აბრამიძე, ხიზანიშვილი, კალაძე; კობიაშვილი, ნემსაძე, რეხვიაშვილი, ყაველაშვილი; ქეცბაია, შოთა არველაძე, აჩი არველაძე.
შეხვედრა ქართველებისთვის ცუდად წარიმართა - 62-ე წუთისთვის ყიფიანის გუნდი 4:0-ს მარცხდებოდა. მეორე ნახევარში თამაშში გიორგი ქინქლაძე, რევაზ ქემოკლიძე და სევასტი თოდუა ჩაერთვნენ, თუმცა სიტუაციის გამოსწორება ვერ მოახერხეს. პრესტიჟის გოლის გატანა ლევან კობიაშვილმა მატჩის 77-ე წუთზე მოახერხა - ფრაიბურგის ნახევარმცველმა შოთა არველაძის გადაცემა გამოიყენა.
1 სექტემბერს თბილისში განმეორებითი მატჩი გაიმართა - ამ დროს საქართველოს ნაკრებს უკვე ალექსანდრე ჩივაძე წვრთნიდა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ დაპირისპირებას 8000 მაყურებელი დაესწრო - ჩივაძემ მოედანზე შემდეგი თერთმეტეული გამოიყვანა:
გვარამაძე; ცქიტიშვილი, ხიზანიშვილი, კალაძე, კობიაშვილი; ჯამარაული, ნემსაძე, ქინქლაძე, რეხვიაშვილი; ყაველაშვილი, არველაძე.
შეხვედრაში ანგარიში სწორედ ამ უკანასკნელმა გახსნა - შოთიმ გოლი მას შემდეგ გაიტანა, რაც ლევან ცქიტიშვილმა ფლანგზე ორი მცველი საოცარი ცრუმოძრაობით ჩამოიტოვა და გარე ტერფით გაკეთებული ბრწყინვალე გადაცემით არველაძე ცარიელი კარის წინ დატოვა.
უნგრელებმა ანგარიში მალევე გაათანაბრეს - მატჩის პირველი ნახევარი ფრედ 1:1 დასრულდა. მეორე ტაიმის დაწყებიდან 8 წუთში საქართველო კვლავ წინ გავიდა - ბრწყინვალე გოლი ამჯერად გოჩა ჯამარაულმა გაიტანა.
კიდევ 10 წუთში ჩვენებმა უპირატესობა ორბურთიანი გახადეს - მესამე გოლი მეორე ტაიმის დასაწყისში, ყაველაშვილის მაგივრად შემოსულმა ალექსანდრე იაშვილმა გაიტანა. ამ გოლზე ასისტენტობა კი ორი წუთით ადრე, შოთა არველაძის მაგივრად შემოსულმა გიორგი დემეტრაძემ გასწია.
ალექსანდრე ჩივაძემ მესამე ცვლილება მატჩის 73-ე წუთზე გააკეთა და მოედნიდან მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, ლევან ცქიტიშვილი გაიყვანა - ფრაიბურგის ნახევარმცველი ედიკ საჯაიამ შეცვალა. თბილისური მატჩი 3:1 დასრულდა.

ნიკოლოზ კვარაცხელია
კომენტარები