პორტუგალიის ნაკრები დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრება.
გუნდის კაპიტანმა, კრიშტიანუ რონალდუმ, ფეხბურთელების სახელით ისაუბრა და არ დამალა ამბიცია, რომელიც მას ამ ტურნირის წინ ამოძრავებს.
„დიდი სიხარულით მივემგზავრებით. ვიცით, რომ მსოფლიო ჩემპიონატი ყოველთვის განსაკუთრებული ტურნირია, ისევე როგორც ევროპის ჩემპიონატი. დიდი იმედებით მივდივართ. ფიზიკურად? კარგად ვარ, ჩემს თამაშებს არ უყურებდით?“ - განაცხადა რონალდუმ.
კითხვაზე, მიიჩნევა თუ არა პორტუგალია ტიტულის ერთ-ერთ ფავორიტად, კაპიტანმა უფრო ფრთხილი პასუხი გასცა:
„ამას მხოლოდ ბოლოს გავიგებთ. ძალიან კარგი თაობა გვყავს, მაგრამ არსებობს ფაქტორები, რომლებსაც ვერ ვაკონტროლებთ – მატჩები, გამარჯვება თუ მარცხი. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. მჯერა, რომ ეს თაობა პორტუგალიელებს ბევრ სიხარულს მოუტანს.“
კრიშტიანუ რონალდუმ აღნიშნა, რომ გუნდის მზადება წარმატებით წარიმართა და წარმატების ფორმულაზეც ისაუბრა:
„მოსამზადებელი პერიოდი დამღლელი იყო, რადგან ინტენსიურად ვიმუშავეთ. ამხანაგურ მატჩებში გამარჯვებები მოვიპოვეთ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი 17 ივნისს დაიწყება, როდესაც პირველ მატჩში ბურთი გაგორდება. შემდეგ კი, როცა ყველაფერი უფრო რთული გახდება, სწორედ მაშინ გამოჩნდებიან ნამდვილი ჩემპიონები.
ყველაფერი ბევრ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული, მაგრამ ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მჯერა, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის. მნიშვნელოვანია ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება, შემდეგ კი თამაში თამაშით, ნაბიჯ-ნაბიჯ, მშვიდად, თავდაჯერების მოპოვებითა და სათამაშო რიტმში შესვლით.“ - რონალდუს სიტყვებს პორტუგალიური A Bola ციტირებს.
პორტუგალიის მეტოქეები ჯგუფურ ეტაპზე კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, უზბეკეთი და კოლუმბია იქნებიან.