პორტუგალიის ნაკრების მიერ მუნდიალის სასტარტო მატჩში კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან გაფუჭებულ ქულებს (1:1) კრიშტიანუ რონალდუს ოჯახში დიდი ხმაური მოჰყვა.
41 წლის ფორვარდს უსუსური თამაშის გამო კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდა, თუმცა მის დასაცავად სოციალურ ქსელში მაშინვე მისი დები გამოვიდნენ.
მოპარული გამარჯვება და უცნაური ფეხბურთი
რონალდუს კონგოსთან მატჩში ბურთთან მხოლოდ 25 შეხება ჰქონდა, რაც მის კარიერაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია მსხვილ ტურნირებზე. ამასთან, კრიშტიანუმ თავისი უგოლო სერია სანაკრებო დონეზე უკვე 10 მატჩამდე გაზარდა. მიუხედავად ამისა, მისმა დამ, ელმა ავეირომ ინსტაგრამზე დაწერა, რომ გუნდს მოგება უბრალოდ მოჰპარეს: „ადვილია გარედან ლაპარაკი. ამ ფორმით მოპარული გამარჯვების ატანა ძალიან რთულია“.
მეორე დამ, კატია ავეირომ კი აქცენტი გუნდურ ჩავარდნაზე გააკეთა: „თითქოს ჯადოქრობით ყველამ ერთად დაივიწყა, როგორ უნდა გადააწოდონ ერთმანეთს ბურთი, როგორ დაიბრუნონ ის და როგორ წავიდნენ კონტრშეტევაზე. ძალიან უცნაური მუნდიალია, უცნაური“.
ანრის მკაცრი კრიტიკა - „ის ბრუნუს უშლის ხელს“
რონალდუს ოჯახისგან განსხვავებით, ფეხბურთის ლეგენდები ბევრად უფრო მკაცრები აღმოჩნდნენ. არსენალის ყოფილმა ვარსკვლავმა, ტიერი ანრიმ Fox Sports-ის ეთერში განაცხადა, რომ კრიშტიანუს ეგოიზმი პორტუგალიას მხოლოდ ვნებს:
იმის გამო, რომ მას თავად სურს გოლის გატანა, ის მოედანზე ბრუნუ ფერნანდეშს უშლის ხელს და სივრცეებს ართმევს. გოლი გუნდმა უნდა გაიტანოს და არა კონკრეტულად შენ.
ფაქტია, რონალდუს საგოლე გვალვა უკვე ოთხ წელს ითვლის, მას დიდ ტურნირებზე გოლი 2022 წლის მუნდიალის შემდეგ, განასთან მატჩის მერე არ გაუტანია. პორტუგალია მომდევნო შეხვედრას 23 ივნისს, უზბეკეთის წინააღმდეგ გამართავს.