-
Aa
+
ფონტის ზომა
ლუის დე ლა ფუენტეს გუნდმა დალასში, მერვედფინალში, პორტუგალია 1:0 დაამარცხა და მეზობელ იბერიელებს 2006 წლის შემდეგ პირველად კვლავ არ მისცა პლეი-ოფის ზედიზედ 2 მატჩის მოგების შესაძლებლობა.
ტურნირის პირველ 4 შეხვედრაში 4 გოლის ავტორი მიკელ ოიარსაბალი შეხვედრის დასაწყისშივე აქტიურობდა და 25 მეტრიდან დაარტყა, თუმცა დიოგუ კოშტამ ბურთი უპრობლემოდ მოიგერია.
მალევე ოიარსაბალს ანგარიშის გახსნის შესანიშნავი შანსიც ჰქონდა, როდესაც დანი ოლმოს გადაცემის შემდეგ მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ბურთი კარს ააცილა.
მეორე მხარეს კრიშტიანუ რონალდუსაც ჰქონდა შესაძლებლობა, თუმცა მახვილი კუთხიდან დარტყმა უნაი სიმონისთვის პრობლემას არ წარმოადგენდა.
რამდენიმე წუთში კოშტამ ლამინ იამალის ძლიერი დარტყმაც მოიგერია, შემდეგ კი სწრაფად წამოდგა და ალექს ბაენას დარტყმის მოგერიებაც მოახერხა.
პირველი ტაიმის შუაში წყლის შესვენებამ თამაშის ტემპი შეანელა, თუმცა დაახლოებით 30-ე წუთზე პაუ კუბარსი პედრის გადაცემას სულ ცოტა დააკლდა, რის შემდეგაც კოშტას ფეხით მოგერიება მოუწია.
პორტუგალია ესპანეთის ზეწოლას უძლებდა, სანამ 37-ე წუთზე ჟოაუ ფელიქსის ჩაწოდების შემდეგ რონალდუმ კარის მიმართულებით არ დაარტყა, თუმცა სიმონმა ბურთი ნახტომში დაიჭირა.
ტაიმის ბოლოს რობერტო მარტინესის გუნდი დაწინაურებასთან ძალიან ახლოს იყო, ნუნუ მენდეშის ძლიერი დარტყმა პედრო პოროს რიკოშეტის შემდეგ ძელს მოხვდა.
მეორე ტაიმის პირველ 15 წუთში კარში არც ერთ გუნდს არ დაურტყამს. მოგვიანებით პედრის დარტყმა მცველს შეეხო და კარს ოდნავ აცდა, ხოლო ბაენას სუსტი მცდელობა კოშტამ მარტივად მოიგერია.
ცოტა ხანში პორტუგალიელმა მეკარემ იამალის საჯარიმოც კუთხურზე მოიგერია. ტრავმის გამო ნუნუ მენდეშის შეცვლის შემდეგ პორტუგალიამ იშვიათი სახიფათო შეტევა განახორციელა, ვიტინიას დარტყმის შემდეგ ბურთი ბრუნო ფერნანდეშთან აღმოჩნდა, რომელმაც ბურთი ბადეს გარედან გაარტყა.
მიუხედავად ამისა, ესპანეთი კვლავ უფრო სახიფათოდ უტევდა და რუბენ დიაშმა დანი ოლმოს დარტყმა, რომელიც ქვედა კუთხისკენ მიემართებოდა, გადამწყვეტ მომენტში დაბლოკა.
როდესაც უკვე ჩანდა, რომ მატჩი დამატებით დროში გადავიდოდა, ესპანეთმა გამარჯვების გოლი მსაჯის მიერ დამატებული დროის პირველ წუთზე გაიტანა.
შეცვლაზე შესულმა მიკელ მერინომ ფერან ტორესის ზუსტი გადაცემა იდეალურად გამოიყენა, მცველებს გაექცა და დიოგუ კოშტას აჯობა.
მატჩის ბოლო წამებზე ბერნარდუ სილვამ თავური კარს ააცილა, რის შემდეგაც კრიშტიანუ რონალდუს კარიერა მსოფლიო ჩემპიონატებზე დასრულდა.
ლეგენდარული პორტუგალიელი ტურნირს მხოლოდ ერთი ნახევარფინალური მონაწილეობით ემშვიდობება.
ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ესპანეთმა მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში პორტუგალია 1:0 დაამარცხა, პირველად ეს 2010 წელს მოხდა, როდესაც „ფურია როხამ“ საბოლოოდ ტურნირის ჩემპიონობაც მოიპოვა.

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები

