საუდის არაბეთის ჩემპიონატში დრამაა.
მას შემდეგ, რაც ალ-აჰლისა და ალ-ფაიჰას მატჩი (1:1) მსაჯობის ირგვლივ ატეხილი სკანდალით დასრულდა, ბრალდებების ეპიცენტრში კრიშტიანუ რონალდუ და მისი გუნდი, ალ-ნასრი აღმოჩნდნენ.
რა მოხდა მატჩზე?
ალ-აჰლიმ უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგა, რაშიც გუნდის წარმომადგენლები მსაჯს ადანაშაულებენ. არბიტრმა, VAR-ზე გადამოწმების მიუხედავად, ალ-აჰლის სასარგებლოდ ორი პენალტი არ დანიშნა. თუმცა, ყველაზე შოკისმომგვრელი ივან ტონის განცხადება აღმოჩნდა. ინგლისელმა ფორვარდმა მსაჯი მიკერძოებაში დაადანაშაულა.
„მსაჯმა გვითხრა, რომ ჩემპიონატზე ფიქრი დაგვევიწყებინა და აზიის ჩემპიონთა ლიგაზე გადავრთულიყავით. მსგავსი რამ კარიერაში არ მინახავს. თამაში უბრალოდ მოგვპარეს,“ - განაცხადა ტონიმ. ამ სიტყვებს გუნდის გერმანელი მწვრთნელი, მათიას იაისლეც ადასტურებს.
ბრალდებები რონალდუს წინააღმდეგ
ბრიტანულმა გაზეთმა The Daily Mail-მა ხუთშაბათს საღამოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ კრიშტიანუ რონალდუ იმ ბრალდებების ცენტრშია, რომლებიც მატჩებით მანიპულირებასა და თაღლითობას ეხება, მიზანი კი როშენის პროფესიონალური ლიგის ტიტულის მოპოვებაა.
გამოცემა დასძენს, რომ ალ-აჰლის მატჩმა დიდი დაპირისპირება გამოიწვია, ხოლო ივან ტონის კომენტარებმა სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბა.
გუშინდელმა მოვლენებმა წარმოშვა სერიოზული ბრალდებები იმის შესახებ, რომ რონალდუმ და მისმა თანაგუნდელებმა, შესაძლოა, საუდის პრო ლიგის გვირგვინის მოსაპოვებლად მატჩების შედეგები გააყალბეს.
ამჟამად ალ-ნასრი როშენის ლიგას 70 ქულით ლიდერობს, ის 2 ქულით უსწრებს ალ-ჰილალს და 4-ით ალ-აჰლის, შაბათს კი ალ-ახდუდთან დაპირისპირება ელის.