კრიშტიანუ რონალდუმ მორიგი გოლი გაიტანა და 1000-გოლიან ნიშნულს კიდევ უფრო მიუახლოვდა, თუმცა მატჩის მსვლელობისას მას უხერხული მომენტის გადატანა მაინც მოუხდა.
ალ-ნასრის გამარჯვების ფონზე, ტრიბუნებიდან მისი მარადიული მეტოქის, ლიონელ მესის სახელის სკანდირება გაისმა. რონალდუმ გულშემატკივრებს ჟესტიკულაციით უპასუხა, მან ხელები ისე აამოძრავა, თითქოს ორკესტრს დირიჟორობდა და აჩვენა, რომ პროვოკაცია საერთოდ არ აწუხებდა.
თავად მატჩი ალ-ნასრისთვის წარმატებული გამოდგა: გუნდმა ალ-შაბაბი 4:2 დაამარცხა და სატურნირო ცხრილის სათავეში პოზიციები გაიმყარა. რონალდუმ თავისი 971-ე ოფიციალური გოლი 75-ე წუთზე გაიტანა. ახლა მას ისტორიულ მიღწევამდე, რომელსაც პროფესიონალურ ფეხბურთში აქამდე არავინ მიახლოებია, მხოლოდ 29 გოლი აშორებს.
მიუხედავად რონალდუს გოლისა, საღამოს მთავარი გმირი ჟოაუ ფელიქსი გახდა. პორტუგალიელმა ფორვარდმა ჰეთ-თრიქი შეასრულა და გუნდის გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. ფელიქსმა მატჩის დასაწყისშივე, მე-3 და მე-10 წუთებზე გაიტანა, ხოლო წერტილი 98-ე წუთზე, თერთმეტმეტრიანით დასვა. ალ-შაბაბის მხრიდან თავი იანიკ კარასკომ გამოიჩინა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.