18 წლის ლამინ იამალი მსოფლიო ფეხბურთის აღფრთოვანებას განაგრძობს.
ამჯერად ახალგაზრდა ვარსკვლავზე მისმა თანაგუნდელმა, ვოიცეხ შჩესნიმ ისაუბრა. Eleven Sports-თან ინტერვიუში ვეტერანმა მეკარემ განმარტა, თუ რატომ მიიჩნევს იამალს მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ.
შჩესნის თქმით, იამალი მოედანზე ნამდვილ შოუს დგამს, რაც მის მთავარ ფასეულობას წარმოადგენს:
მისი წყალობით ადამიანებს ფეხბურთი თავიდან უყვარდებათ. სტადიონზე მხოლოდ საყვარელი გუნდის საყურებლად კი არა, სანახაობისთვის მოდიან, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს
მეკარემ იამალი მაიკლ ოლისესთან ერთად ამ სეზონის საუკეთესო მოთამაშეებს შორის დაასახელა.
სტატისტიკა შჩესნის სიტყვებს ადასტურებს: 18 წლის ასაკში იამალს ბარსელონაში უკვე 151 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც 49 გოლითა და 52 ასისტით გამოიჩინა თავი. პოლონელმა მეკარემ ინტერვიუში ჩემპიონთა ლიგიდან ატლეტიკოსთან გამოთიშვაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გუნდმა ორივე შეხვედრა სუსტად ჩაატარა, რის გამოც ტიტულისთვის ბრძოლის შანსი სამართლიანად დაკარგა.
ახლა ჰანსი ფლიკის გუნდი მთლიანად ლა ლიგაზეა ფოკუსირებული. ბარსელონა 88 ქულით ლიდერობს და კვირას, მადრიდის რეალთან ფრეც კი საკმარისია ჩემპიონობის ოფიციალურად მოსაპოვებლად. სამწუხაროდ, იამალი კლასიკოს ტრავმის გამო გამოტოვებს, თუმცა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ესპანეთის ნაკრებთან ერთად მწყობრში იქნება.