უეინ რუნიმ ვიქტორ გიოკერეში იმ მთავარ ფაქტორად დაასახელა, რომელმაც შესაძლოა არსენალს ისტორიული დუბლი - პრემიერ ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოგება მოუტანოს.
გასულ ზაფხულს ლისაბონის სპორტინგიდან 64 მილიონად გადმოსულ შვედ ფორვარდს რთული სტარტი ჰქონდა, თუმცა ბოლო პერიოდში მან ძველი ფორმა დაიბრუნა და ბოლო ცხრა მატჩში ხუთი გოლი გაიტანა.
სულ გიოკერეშის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 21 გოლია, რითაც მან ტიერი ანრისა და იან რაიტის მიღწევა გაიმეორა - სადებიუტო სეზონშივე 20-გოლიანი ზღვარის გადალახვა.
რუნიმ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ გიოკერეში ერლინგ ჰალანდივით ბევრ გოლს არ იტანს, მისი როლი გუნდისთვის ფასდაუდებელია. შვედი ფორვარდი მუდმივად აწუხებს მცველებს, იხსნება ფლანგებზე და ამით დიდ სივრცეს უქმნის ისეთ მოთამაშეებს, როგორებიც არიან ებერეჩი ეზე და ბუკაიო საკა.
მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდა მიიჩნევს, რომ სწორედ ასეთი ტიპის ფორვარდი აკლდა არსენალს ბოლო წლებში და თუ ლონდონელები ტიტულებს მოიპოვებენ, ამაში ლომის წილი სწორედ გიოკერეშს მიუძღვის.
არსენალს ინგლისის ჩემპიონობამდე ორი ნაბიჯი აშორებს - მათ დარჩენილ მატჩებში ბარნლისა და კრისტალ პალასის დამარცხება სჭირდებათ.