ანდრეა პირლომ დუმილი დაარღვია.
იტალიელმა ლეგენდამ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მისი კანდიდატურის გარშემო ატეხილ სკანდალზე საჯაროდ ისაუბრა. პირლომ მკაცრად უპასუხა სპორტული გადაწყვეტილების პოლიტიზების მცდელობებს და იმ ბრალდებებს, რომლებსაც მას რუსულ კომპანიასთან თანამშრომლობის გამო უყენებენ.
იტალიურ ფეხბურთში ნამდვილი ქარიშხალია. პირლოს, როგორც რუსული სატოტალიზატორო კომპანიის გლობალური ელჩის სტატუსმა, იტალიაში სასტიკი კრიტიკა გამოიწვია. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ მოწინააღმდეგეები მისი დანიშვნის დასაბლოკად სამართლებრივი დავით და სასამართლოთი იმუქრებიან და აცხადებენ, რომ ეს ეროვნულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება.
48 წლის სპეციალისტმა ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდზე ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მხოლოდ კონტრაქტით ნაკისრ ვალდებულებებს ასრულებდა და ამაში არანაირი პოლიტიკური იდეოლოგია არ დევს.
"ბოლო დღეებში დიდი გულისტკივილით ვადევნებდი თვალს იმ სკანდალს, რაც იტალიის ნაკრების ტექნიკური დირექტორის/მწვრთნელის პოსტზე ჩემს შესაძლო დანიშვნას მოჰყვა," - წერს 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონი.
ინსტიტუტების, ფედერაციისა და ყველა დაინტერესებული პირის პატივისცემის ნიშნად, აქამდე დუმილს ვამჯობინებდი, მაგრამ ახლა ვალდებული ვარ, ფუნდამენტური დეტალები განვმარტო. მთელი კარიერის განმავლობაში, ყოველთვის ვიცავდი იმ ქვეყნების კანონებს, სადაც ვმუშაობდი და იმ კონტრაქტებს, რომლებსაც კანონიერად ვაფორმებდი. ამ პროფესიულ თანამშრომლობაზე პოლიტიკური იარლიყის მიკერება ნიშნავს იმას, რომ მაბრალებენ პოზიციას, რომელიც არასდროს გამომიხატავს და რომელიც საერთოდ არ არის ჩემი რწმენა
პირლომ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა პაოლო მალდინისა და ლეონარდოს, რომლებიც იტალიის ფეხბურთის ფედერაციაში ტექნიკურ საკითხებს კურირებენ:
მინდა მადლობა გადავუხადო მალდინისა და ლეონარდოს ნდობისთვის. მე კარგად ვიცი მათი გამოცდილება, კომპეტენცია და იტალიური ფეხბურთისადმი უსაზღვრო სიყვარული
დასასრულს, პირლომ სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ წმინდა სპორტული საკითხი საჯარო დავისა და პოლიტიკური გარჩევების საგნად იქცა.
ჩემი სიყვარული იტალიის მიმართ წარმავალ გარემოებებზე არ არის დამოკიდებული, ეს ჩემი ისტორიისა და იდენტობის განუყოფელი ნაწილია
იტალიის ფეხბურთის ფედერაციას ნაკრების ახალ მწვრთნელთან დაკავშირებით ოფიციალური გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ მიუღია.