ფრანგული გამოცემა Morning-foot ზურიკო დავითაშვილის მიმდინარე სეზონს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ქართველ ფეხბურთელს გუნდის შეტევაში ძველებური გავლენის შენარჩუნება უჭირს.
გამოცემის შეფასებით, ზაფხულში გავრცელებული სპეკულაციების შემდეგ, როდესაც ფეხბურთელის შესაძლო ტრანსფერზე აქტიურად იწერებოდა, მისი კლუბში დარჩენა სენტ-ეტიენისთვის დიდ წარმატებად ჩაითვალა, თუმცა ჩემპიონატის მიმდინარეობისას ვითარება შეიცვალა.
Morning-foot წერს:
სად გაქრა ზურიკო დავითაშვილი? ზაფხულის დიდი ნაწილის განმავლობაში, ლიგა 2-ის საუკეთესო მოთამაშედ აღიარების შემდეგ, გუნდიდან მისი შესაძლო წასვლის შესახებ იწერებოდა, თუმცა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს სენტ-ეტიენის რიგებში ძველი გავლენის დაბრუნება უჭირს.
დავითაშვილის ანგარიშზე ლიგა 2-ის 10 შეხვედრაში 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა, სათამაშო დრო კი საშუალოდ 63 წუთს შეადგენს. მთლიანობაში, მიმდინარე სეზონში მან ყველა ტურნირზე 11 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.
როგორც სტატიაშია ხაზგასმული, მთავარი კითხვა ის კი არ არის, თუ რატომ გააქვს ფეხბურთელს ნაკლები გოლი, არამედ ის, თუ რატომ შემცირდა მისი ზოგადი გავლენა სენტ-ეტიენის სათამაშო სისტემაზე.