დიდიე დეშამმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის საფრანგეთის ნაკრების 26-კაციანი შემადგენლობა დაასახელა, რომელიც ვარსკვლავური მოთამაშეებითაა გადაჭედილი.
გუნდის ერთ-ერთ მთავარ სიურპრიზად მადრიდის რეალის ნახევარმცველის, ედუარდო კამავინგას განაცხადს მიღმა დარჩენა იქცა. მის ნაცვლად შუა ხაზში დეშამმა არჩევანი ისეთ მოთამაშეებზე შეაჩერა, როგორებიც არიან ადრიენ რაბიო, ორელიენ ჩუამენი და ვეტერანი ნ’გოლო კანტე, რომელიც, შესაძლოა, თავის ბოლო დიდ ტურნირს ატარებდეს.
მეკარეების პოზიციაზე ძირითად არჩევნად მაიკ მენიო მიიჩნევა, სიაში ასევე მოხვდა ლანსის ახალგაზრდა გოლკიპერი რობინ რისერიც.
დაცვის ხაზს ლიდერობენ დაიო უპამეკანო და უილიამ სალიბა, ხოლო შეტევაში გუნდს სათავეში უდგანან კილიან მბაპე და ოქროს ბურთის მოქმედი მფლობელი უსმან დემბელე. აღსანიშნავია, რომ თავდასხმაში ადგილი მოიპოვა ჟან-ფილიპ მატეტამ, რომელმაც რანდალ კოლო მუანი ჩაანაცვლა.
საფრანგეთის ნაკრები ასპარეზობას 16 ივნისს სენეგალთან მატჩით დაიწყებს, რის შემდეგაც ჯგუფურ ეტაპზე ერაყსა და ნორვეგიას დაუპირისპირდება.
საფრანგეთის მთლიანი 26-კაციანი შემადგენლობა ასე გამოიყურება:
მეკარეები: მაიკ მენიო (მილანი), ბრის სამბა (რენი), რობინ რისერი (ლანსი).
მცველები: დაიო უპამეკანო (ბაიერნი), უილიამ სალიბა (არსენალი), იბრაჰიმა კონატე (ლივერპული), ლუკას ერნანდესი (პსჟ), მალო გუსტო (ჩელსი), ჟიულ კუნდე (ბარსელონა), ლუკა დინი (ასტონ ვილა), ტეო ერნანდესი (ალ-ჰილალი), მაქსენს ლაკრუა (კრისტალ პალასი).
ნახევარმცველები: ადრიენ რაბიო (მილანი), ორელიენ ჩუამენი (რეალი), ნ’გოლო კანტე (ფენერბაჰჩე), მანუ კონე (რომა), უორენ ზაირ-ემერი (პსჟ).
თავდამსხმელები: კილიან მბაპე (რეალი), უსმან დემბელე (პსჟ), მაიკლ ოლისე (ბაიერნი), რაიან შერკი (მანჩესტერ სიტი), დეზირე დუე (პსჟ), ბრედლი ბარკოლა (პსჟ), მარკუს ტიურამი (ინტერი), მაგნეს აქლიუში (მონაკო), ჟან-ფილიპ მატეტა (კრისტალ პალასი).