-
Aa
+
ფონტის ზომა
175 მილიონი ევრო ოთხ წელიწადში: ტალანტების ექსპორტის მოდელის ანატომია, რომელიც ბაზარმა ბოლომდე ჯერ კიდევ არ შეაფასა — ასე ახასიათებს ქართულ ფეხბურთს ამერიკული ციფრული მედია-პლატფორმა The Football Week.
13 ქართველი ფეხბურთელი ევროპის პროფესიულ ლიგებშია, უკანასკნელ წლებში მათში გადახდილი ხსენებული თანხა კი უბრალოდ ციკლი აღარაა, ეს სისტემაა — წერს საფეხბურთო გამოცემა.
2018 წელს საქართველოს ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი Transfermarkt-ზე 5 მილიონ ევროდ შეფასდა. 2025 წელს მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელია 90 მილიონ ევროდ იყო შეფასებული, ხოლო საქართველოს აქტიური წარმომადგენლობა უკვე ჰყავდა ინგლისის პრემიერ ლიგაში, ესპანურ ლა ლიგასა და ლა ლიგა 2-ში, ფრანგულ ლიგა 1-ში, გერმანიის ბუნდესლიგაში, პორტუგალიის პრიმეირა ლიგაში, ინგლისის ჩემპიონშიპში, გერმანიის მე-2 ბუნდესლიგაში, საფრანგეთის ლიგა 2-ში, პოლონურ ექსტრაკლასასა და რუმინეთის სუპერლიგაში.
ნებისმიერი სკაუტინგისა თუ სპორტული დირექტორის თვალში ეს ერთგვარი საფეხბურთო რუკა ერთი და იგივეა: აქ სისტემა მუშაობს და არა იზოლირებული ფეხბურთელები.
შესაძლოა, ერთიანი წყარო არ არსებობს, რომელიც გასული ათწლეულის განმავლობაში ქართული ტრანსფერებიდან მიღებული შემოსავლების ჯამურ მაჩვენებელს აერთიანებდეს, მაგრამ მხოლოდ ბოლო 4 წლის ინდივიდუალურად გადამოწმებული ტრანსფერების ჯამი 175 მილიონ ევროს აჭარბებს.
კვარაცხელია - ნაპოლი → პსჟ - 2025 - €70 მლნ
მიქაუტაძე - ლიონი → ვილიარრეალი - 2025 - €31 მლნ
მამარდაშვილი - ვალენსია → ლივერპული- 2024 - €30 მლნ
მიქაუტაძე - მეცი → ლიონი - 2024 - €18.5 მლნ
კვარაცხელია - ბათუმის დინამო → ნაპოლი - 2022 - €11.5 მლნ
ქოჩორაშვილი - ლევანტე → სპორტინგი - 2025 - €5.5 მლნ
დავითაშვილი - ბორდო → სენტ-ეტიენი - 2024 - €5 მლნ
მამარდაშვილი - თბილისის დინამო → ვალენსია - 2022 - €3.9 მლნ
სულ +€175 მლნ
ჯამური თანხა გამოთვლილია სხვადასხვა განცხადებების საფუძველზე, ინდივიდუალურად გადამოწმებული მოსაკრებლების მიხედვით. არცერთ ოფიციალურ წყაროს ჯამური მაჩვენებელი არ გამოუქვეყნებია.
ეს ცხრილი საშუალებას გვაძლევს, გავაანალიზოთ განვითარების ლოგიკა: ქართული კლუბები ფეხბურთელებს უშვებენ ევროპულ საშუალო ლიგებში (პორტუგალიის პრიმეირა ლიგა, ლიგა 2, ავსტრიის ბუნდესლიგა, ექსტრაკლასა), სადაც მოთამაშეები მეორე ნაბიჯის გადადგმამდე საკუთარ დონეს ამყარებენ. კვარაცხელიას (ბათუმის დინამო → ნაპოლი → პსჟ), მამარდაშვილისა (თბილისის დინამო → ვალენსია → ლივერპული) და დავითაშვილის (ბათუმის დინამო → ბორდო → სენტ-ეტიენი) მარშრუტები ინდივიდუალური კარიერული დამთხვევები არაა, ეს უფრო განვითარების ის კანონზომიერებაა, რომელიც ქართულმა ბაზარმა ჩვეულებრივ პრაქტიკად აქცია.
ქართველების ევროპის პროფესიულ ლიგებში, (2025-26 წლების სეზონის ბოლომდე) ელიტურ კონტინენტურ და პირველ დივიზიონებში მონაგარის მცირე სტატისტიკა ასეთია:
ხვიჩა კვარაცხელია → „პსჟ“ (ლიგა 1). 2025 წლისა და 2026 წლის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, რომელმაც ფინალში გოლიც გაიტანა.
ჟორჟ მიქაუტაძე → „ვილიარრეალი“ (ლა ლიგა). კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი და 15 გოლი თავის სადებიუტო სეზონში.
გიორგი მამარდაშვილი → „ლივერპული“ (პრემიერ ლიგა). პირველი ქართველი კლუბის ისტორიაში.
გიორგი ქოჩორაშვილი → ლისაბონის „სპორტინგი“ (პრიმეირა ლიგა). 5.5 მილიონი ევრო 2025 წლის იანვარში.
ოთარ კიტეიშვილი → „შტურმი“ (ავსტრიის ბუნდესლიგა). ავსტრიის ორგზის ჩემპიონი და 2023-24, 2024-25 და 2025-26 წლების სეზონებში ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე, აგრეთვე - ბოლო პირველობის საუკეთესო ბომბარდირი 15 გოლით.
ბუდუ ზივზივაძე → „ჰაიდენჰაიმი“ (ბუნდესლიგა). ცენტრფორვარდი, ეროვნული ნაკრების შემადგენლობის უცვლელი წევრი.
მეორე დივიზიონები და სხვა პროფესიული ლიგები:
იური ტაბატაძე → „კადისი“ (ლა ლიგა 2). კლუბის საუკეთესო ბომბარდირი 2025-26 წლების სეზონში. გადავიდა 2025 წლის აგვისტოში, პირდაპირ საქართველოდან.
ზურიკო დავითაშვილი → „სენტ-ეტიენი“ (ლიგა 2). 10 გოლი 2025-26 წლების სეზონში და პირველობის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება.
ლუკა ლოჩოშვილი → „ნიურნბერგი“ (მე-2 ბუნდესლიგა). შეუერთდა 2025 წლის ივლისში, „კრემონეზეში“ სერია A-ს პერიოდის შემდეგ.
საბა გოგლიჩიძე → „უოტფორდი“ (EFL ჩემპიონშიპი, იჯარით „უდინეზედან“). 2004 წელს დაბადებული ცენტრალური მცველი, „ემპოლისა“ და სერია A-ს გამოცდილებით.
ლაშა დვალი → სოფიას „ცსკა 1948“ (ბულგარეთის ლიგა). 30 წლის, 45 მატჩი ნაკრებში, კონტრაქტი 2028 წლამდე.
ოთარ კაკაბაძე → კრაკოვის „ვისლა“ (ექსტრაკლასა). მარჯვენა მცველი, ეროვნული ნაკრების რეგულარული წევრი.
გიორგი აბუაშვილი → „მეცი“ (ლიგა 1, იჯარით ფოთის „კოლხეთი 1913“-დან). ეროვნული ნაკრების წევრი 2025 წლიდან.
ანზორ მექვაბიშვილი → „უნივერსიტატეა კრაიოვა“ (რუმინეთის ლიგა I). ეროვნული ნაკრების წევრი 2022 წლიდან.
საქართველო არ არის მოსახლეობის პროპორციულ მაჩვენებელთან შედარებით ნიჭის ექსპორტის პირველი შემთხვევა. ურუგვაი, 3.5 მილიონი მცხოვრებით, პრაქტიკულად საქართველოს ტოლი, უკვე ერთ საუკუნეზე მეტია, კანონიკურ მოდელს წარმოადგენს.
CIES-ის საფეხბურთო ობსერვატორიის მონაცემებით, ურუგვაი აბსოლუტური მაჩვენებლებით ფეხბურთელების მსოფლიოს 13 უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყანას შორის შედის (საზღვრებს გარეთ 750-ზე მეტი პროფესიონალი ფეხბურთელია აქტიური) და მთლიან ამერიკის კონტინენტს ლიდერობს ექსპორტის სიმჭიდროვით — 112 მოთამაშე მილიონ მოსახლეზე. აბსოლუტური მოცულობით მას მხოლოდ ისეთი ქვეყნები უსწრებენ, რომელთა მოსახლეობაც 13-დან 60-ჯერ აღემატება მისას.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ურუგვაის ნაკრები ამ მოდელს სრული სიმწიფით წარმოაჩენდა: ფედერიკო ვალვერდე (მადრიდის „რეალი“), რონალდ არაუხო („ბარსელონა“), ხოსე მარია ხიმენესი (მადრიდის „ატლეტიკო“), მანუელ უგარტე („მანჩესტერ იუნაიტედი“), როდრიგო ბენტანკური („ტოტენჰემი“), მატიას ოლივერა („ნაპოლი“) — ეროვნული ნაკრები მთლიანად ევროპაში მოთამაშეებზე იყო აგებული.
საქართველო პატარა ქვეყანაა ეფექტური სელექციის სისტემით, ორი-სამი საბაზისო კლუბითა (რომლებიც ერთგვარი ფილტრის როლს ასრულებენ) და ევროპაში ინტეგრაციის ჯაჭვით, რომელიც ნორმალიზებული საბაზრო ლოგიკით ფუნქციონირებს.
საქართველოსა და ურუგვაის საერთო სტრუქტურული პარადოქსი
თბილისის „დინამომ“ გასული ათი საქართველოს 15-წლამდელთა ჩემპიონატიდან რვა მოიგო. ის ქვეყნის დომინანტური საკლუბო აკადემია და ლიდერია ახალგაზრდების აღზრდის საქმეში. მიუხედავად ამისა, მისი საუკეთესო აღზრდილებიდან თითქმის არავინ თამაშობს დღეს „დინამოს“ მთავარ გუნდში, რადგან საქართველოს ეროვნული ლიგა ერთგვარი სათბურია და არა საბოლოო დანიშნულების ადგილი.
ეს ზუსტად იგივე სტრუქტურული დაძაბულობაა, რაც ურუგვაიშია: „ნასიონალი“ და „პენიაროლი“ ზრდიან ფეხბურთელებს, რომელთა შენარჩუნებისთვის ევროპას ეკონომიკური კუთხით კონკურენციას ვერ უწევენ. საუკეთესო ფეხბურთელები სამშობლოდან 17-19 წლის ასაკში მიდიან, კლუბი იღებს მომზადების ხარჯებს, ევროპული ბაზარი ითვისებს ღირებულებას, ხოლო ქვეყანა ამ ღირებულების ნაწილს ტრანსფერებიდან მიღებული თანხებითა და საერთაშორისო რეპუტაციით იბრუნებს.
საქართველო ამ გამოწვევას უფრო მეტი ინსტიტუციური გააზრებით უმკლავდება, ვიდრე ურუგვაი - თავისი განვითარების პირველ ათწლეულებში. ფეხბურთის ფედერაციას UEFA-სთან ერთად აქვს გეგმა, რომელიც კონკრეტულ მიზნებსა და ბიუჯეტს მოიცავს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პარადოქსი გააზრებულია და მოდელშია ინტეგრირებული: ექსპორტი სისტემის პრობლემა არაა, ის მისი მოსალოდნელი შედეგია.
ურუგვაიმ თუ თავისი სისტემა ორგანულად, თაობების განმავლობაში ააგო, საქართველომ ეს პროცესი ერთ ათწლეულში შეკუმშა და ერთი დამატებითი ელემენტით გაამდიდრა, რომელიც ურუგვაის არასდროს ჰქონია — UEFA-ს მხრიდან გარე ინსტიტუციური დაფინანსება და სტრუქტურა. ამან საშუალება მისცა ქვეყანას, პროცესი არა სპონტანური ევოლუციით, არამედ მკაფიო ვადებით, მეტრიკებითა და მიზნებით დაეპროექტებინა. ის, რასაც ორივე ქვეყნის მაგალითი ამტკიცებს, ისაა, რომ შიდა ბაზრის ზომა ელიტური ნიჭის ექსპორტის შესაძლებლობას არ განსაზღვრავს, განსმხვავებელი ფაქტორი სელექციის, განვითარებისა და მიმართულების მიცემის სისტემის ხარისხია.

პაატა ჩახვაშვილი
კომენტარები