ქალაქ კაუნასში საქართველოსა და ლიეტუვის საკალათბურთო ნაკრებებს შორის ამხანაგური მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით 77-54 დასრულდა.
ლიეტუვა ამ მატჩში იონას ვალანჩუნასს ეყრდნობოდა, როცა ტადას სედეკერსკისი შეხვედრაში მონაწილეობას ვერ იღებდა. საქართველოს შემადგენლობაში კი თორნიკე შენგელიას არ უთამაშია.
რიმას კურტინატისის გუნდმა თამაშზე კონტროლი პირველივე წუთებიდანვე მოიპოვა. მათ თამაში 9 უპასუხო ქულით დაიწყეს.
მეორე მეოთხედის დასაწყისში სტუმრებმა სხვაობის ორ ქულამდე შემცირება შეძლეს სანდრო მამუკელაშვილის სამქულიანის შემდეგ (21-19), მაგრამ ლიეტუველებმა ტემპს მოუმატეს, დეივიდას სირვიდისისა და როკას იოკუბაიტისის დახმარებით კი პირველი ტაიმი 11-ქულიანი სხვაობით დასრულდა (40-29).
ლიეტუვამ იმავე სიძლიერით გააგრძელა მეორე ტაიმში თამაში, როგორც პირველში. ვალანჩუნასმაც დაიწყო ქულების დაგროვება მეორე ტაიმში და მესამე მეოთხედის შუაში სხვაობამ 18 ქულასაც მიაღწია.
ყოველ ჯერზე, როცა ალექსანდარ ჯიკიჩის გუნდი ქამბექის მაგვარს ცდილობდა, ლიეტუველები თავიანთ დაცვას ამაგრებდნენ. იგივე სცენარი ბოლო მეოთხედშიც გამეორდა.
ლიეტუველმა მოთამაშეებმა მეტოქეები უსაფრთხო დისტანციაზე დატოვეს მათი ფანტასტიკური დაცვის წყალობით, რაზეც ის ფაქტიც მეტყველებს, რომ ქართველმა მოთამაშეებმა ერთ მეოთხედში ყველაზე მეტი 16 ქულა ჩააგდეს.
ლიეტუველებს ვალანჩუნასმა ულიდერა 11 ქულითა და 6 მოხსნით, ქართველთა მხარეს კი მამუკელაშვილი გამოირჩა 13 ქულით.
შემდეგი თამაში საქართველოს ნაკრებს 14 აგვისტოს პოლონეთთან ელის.