საქართველოს ნაკრების სადებიუტო მატჩი ევროპის ჩემპიონატზე კიდევ დიდხანს დარჩება როგორც ქართველი, ისე უცხოელი გულშემატკივრების გონებაში, ამაზე საერთაშორისო პრესის გამოხმაურებაც მეტყველებს.
"საქართველომ წააგო, თუმცა როგორი მამაცები და გამბედავები იყვნენ, ისინი ბოლომდე იბრძოდნენ, ანგარიშის გათანაბრების მცდელობაში ორჯერ გარტყეს ძელს. დებიუტანტებს შეუძლიათ თავი მაღლა ასწიონ, ახლა უკვე მათ დანამდვილებით იციან, რომ მათი ადგილი ამ სცენაზეა" - წერია უეფას ოფიციალურ გვერდზე.
"ცოტა თუ მოელოდა, რომ შტორმიან დღეს, დორტმუნდში, თურქეთისა და საქართველოს დაპირისპირების დროს ყველაზე ამაღელვებელი საფეხბურთო მატჩი შედგებოდა, რაც ევრო 2024-ზე გვინახავს. ახლა ამის უარყოფა ძნელია.
სუნთქვაშემკვრელ 90 წუთში ორივე გუნდი ყველა შანსს იყენებდა და სიხარულით უტევდა სავსე სტადიონზე.
დიდ ტურნირზე საქართველოს დებიუტი სწრაფად არავის დაავიწყდება, რადგან მათ მარცხის მიუხედავად დიდი გამბედაობა აჩვენეს." - ევროსპორტი
"საქართველომ, რომელმაც ევროზე პირველად ითამაშა, მამაცურად იბრძოლა და კინაღამ ანგარიშიც გაათანაბრა.
ფრანგი მწვრთნელი მოითხოვდა რომ მათ პირველი დიდ ტურნირზე მის გუნდს ყველაფერი გაეღო და ეს ზუსტად ის იყო, რაც მათ პირველი წუთიდან გააკეთეს. ისინი შემდეგი მატჩისთვის უამრავ პოზიტივს იღებენ, მიუხედავად იმისა, რომ დორტმუნდს ქულების გარეშე ტოვებენ." - BBC
"საქართველო ამ მომენტს 30 წელი ელოდა და ბოლო წუთებზე მატჩი კინაღამ საოცრადაც დაასრულა." - The Guardian
საერთაშორისო პრესაში ინდივიდუალურად გამოარჩიეს ქართველი მოთამაშეც.
ESPN-ის ნიდერლანდურმა გამოცემამ გიორგი მიქაუტაძე ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა - სიმონი; კიმიხი, დრაგუსინი, კრისტენსენი, აკე; კროოსი, კანტე, რუისი; მუსიალა, მიქაუტაძე, გაკპო.
"თურქეთმა მატჩი მოიგო, საქართველომ კი - ჩვენი გულები" - უცხოელი ქომაგები ჩვენი ბიჭებით გაოცებას ვერ მალავენ.