საქართველოს ძიუდოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შერეული გუნდური ასპარეზობის ვიცე-ჩემპიონია!
სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ჩატარებულ მეოთხედფინალში საქართველომ უნგრეთი 4-2, ნახევარფინალში საფრანგეთი კი 4-3 დაამარცხა, ხოლო ფინალში რუსეთთან 4-1 წააგო.
ქალთა მძიმე წონაში სოფიო სომხიშვილის არყოფნის გამო (ტრავმა) ჩვენმა ნაკრებმა სამივე დაპირისპირება ჩამორჩენით დაიწყო, თუმცა ვერცხლის მედალი მაინც მოიპოვა.
უნგრეთთან თავიანთი შეხვედრები ლუკა მაისურაძემ, გურამ თუშიშვილმა, ეთერ ლიპარტელიანმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიგეს.
საფრანგეთთან კი გამარჯვებები ლუკა მაისურაძემ, ირაკლი დემეტრაშვილმა და ეთერ ლიპარტელიანმა მოიპოვეს, ოქროს ქულა კი საქართველოს ნაკრებს ლაშა შავდათუაშვილმა მოუტანა.
ფინალში საქართველოს ნაკრები რუსეთს დაუპირისპირდა, სადაც 4-1 დამარცხდა. ჩვენი გუნდის მხრიდან ერთადერთი გამარჯვება ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ძიუდოს ნაკრები ამ ტურნირს მოქმედი ევროპის ჩემპიონის სტატუსით შეხვდა, წელს კი ვიცე-ჩემპიონი გახდა.