ახალშექმნილი გუნდი, რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრების კანდიდატებისგან არის დაკომპლექტებული, ჩინეთში მიემგზავრება.
ეროვნული ნაკრების კანდიდატთა გუნდის უპირველესი დანიშნულება მოთამაშეების იდეალურ სათამაშო ფორმაში ყოფნაა.
საუბარია იმ კალათბურთელებზე, რომლებიც ეროვნული გუნდის გაფართოებულ შემადგენლობაში სტაბილურად ფიგურირებენ, ისინი მუდმივად გადიან ინტენსიურ საწვრთნელ პროცესს, ხან ხვდებიან ძირითად თორმეტეულში, ხან კი მის მიღმა რჩებიან.
კანდიდატთა ნაკრები, რომელსაც ეროვნულ გუნდში ალეკსანდარ ჯიკიჩის ასისტენტი, მარკო ესპოზიტო გაწვრთნის, ჩინეთში სოლიდარობის თასზე იასპარეზებს.
ეს არის საერთაშორისო ამხანაგური ტურნირი, რომელშიც მონაწილეობას მასპინძელ ჩინეთთან და საქართველოსთან ერთად მონტენეგროს და კამერუნის ნაკრებები მიიღებენ.
ფორმატი ისეა შედგენილი, რომ საქართველო მონტენეგროს ორჯერ შეხვდება (24 და 27 ივლისს), ხოლო მასპინძელ ჩინეთს (25 ივლისს) ერთხელ.
ჩვენი ნაკრების შემადგენლობაში არიან:
ლუკა მაზიაშვილი, ლუკა ლიკლიკაძე, გიორგი კობახიძე, გეგა წულაია, ლევან გოგიჩაიშვილი, ვახტანგ გაფრინდაშვილი, ნიკოლოზ გაფრინდაშვილი, ვილი ისიანი, ცოტნე ცარციძე, რომა ჭინჭარაული, გიორგი ობგაიძე, ბექა ბექაური.