1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ესპანეთთან სენსაციურ გამარჯვებას FIBA-მ სტატია მიუძღვნა.
,,FIBA EuroBasket 2025-ზე ესპანეთი, როგორც მოქმედი ჩემპიონი, მედლებისთვის ბრძოლის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მიიჩნეოდა, თუმცა გუნდმა ჯგუფური ეტაპის დაძლევაც კი ვერ მოახერხა - თორნიკე შენგელიამ და ალექსანდარ ჯიკიჩის გუნდმა ესპანელები დაამარცხეს და ტურნირს გამოთიშეს.
კვირას ისტორია განმეორდა - საქართველომ ესპანეთი კვლავ დაამარცხა, ამჯერად 91:89, და მეტოქეს FIBA-ს 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ევროპული საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდში იდეალური, 6-0 ბალანსით გადასვლის საშუალება არ მისცა.
შედეგად, ესპანეთი მეორე რაუნდში 5 მოგებითა და 1 მარცხით გადავა, საქართველოს კი 3 გამარჯვება აქვს და მსოფლიო ჩემპიონატზე კიდევ ერთხელ მოხვედრის კარგი შანსი შეინარჩუნა.
ეს იყო გამარჯვება, რომელსაც არაერთი საოცარი ისტორია ახლდა თან.
საქართველო 22 (!) ქულით ჩამორჩებოდა, თუმცა თამაშში დაბრუნება მოახერხა და მეოთხე მეოთხედის მიწურულს ორქულიანი უპირატესობაც მოიპოვა. მიუხედავად ამისა, ხაიმე პრადილიას ეფექტურად შესრულებულმა ორქულიანმა შეხვედრა ოვერტაიმში გადაიყვანა.
როგორც ჩანს, ესპანეთის ნაკრებს უკანა ხაზში მომავალი წლებისთვის ახალი ძლიერი დუეტი ჰყავს - 24 წლის ალვარო კარდენასმა 14 ქულა, 4 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა, ხოლო 20 წლის მარიო სენტ-სუპერიმ სათადარიგოთა სკამიდან მოედანზე გატარებულ 19 წუთში 13 ქულა ჩააგდო.
მარკის რიდი საკვალიფიკაციო ეტაპის ერთ-ერთ საუკეთესო მექულედ ყალიბდება. ალექსანდარ ჯიკიჩის ხელმძღვანელობით ის თავს შესანიშნავად გრძნობს ბურთით და გადაწყვეტილებების მიღებისას. ესპანეთთან რიდმა 21-დან 12 სროლა გამოიყენა, 32 ქულა ჩააგდო და 7 შედეგიანი გადაცემაც შეასრულა.
ეს მისთვის მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპზე მეოთხე მატჩი იყო. რიდს მოედანზე გატარებულ 108 წუთში უკვე 97 ქულა აქვს დაგროვებული!
თოკო - კვლავ სუპერგმირის როლში. თამაშისთვის რომ გეყურებინათ, ვერაფრით იფიქრებდით, რომ ეს კაცი მალე 35 წლის გახდება და საკლუბო სეზონი მხოლოდ 24 ივნისს დაასრულა.
შენგელიამ შესაძლო 45 წუთიდან მოედანზე 44 წუთი და 31 წამი გაატარა. მან 24-დან 13 სროლა გამოიყენა და 37 ქულა დააგროვა, მათ შორის სამქულიანი ხაზიდან 11-დან 6 ზუსტად ისროლა. თორნიკემ ასევე 10 მოხსნა და 4 ჩაჭრა მიითვალა.
შენგელიას შეჩერება ვერც ერთმა დაცვითმა სქემამ ვერ შეძლო, რომელსაც ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჩუს მატეო მის წინააღმდეგ იყენებდა.
37 ქულით შენგელიამ მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპის საუკეთესო შედეგი გაიმეორა, რომელიც ჯორდან ლოიდს ეკუთვნის. ამასთან, FIBA-ს მსოფლიო ჩემპიონატის ევროპული საკვალიფიკაციო ეტაპების ისტორიაში ერთ მატჩში თორნიკეზე მეტი ქულა მხოლოდ დენის შრიოდერსა (38) და იანის ანტეტოკუნმპოს (40) აქვთ ჩაგდებული.
1. იანის ანტეტოკუნმპო (საბერძნეთი) vs სერბეთი (2022 წელი) - 40 ქულა
2. დენის შრიოდერი (გერმანია) vs პოლონეთი (2022 წელი) - 38 ქულა
3. ჯორდან ლოიდი (პოლონეთი) vs ლატვია (2026 წელი) - 37 ქულა
3. თოკო შენგელია (საქართველო) vs ესპანეთი (2026 წელი) - 37 ქულა
5. მაიკლ დიქსონი (საქართველო) vs სერბეთი (2017 წელი) - 36 ქულა
ესპანეთი (5-1), საქართველო (3-3) და უკრაინა (4-2) A ჯგუფიდან მეორე ეტაპის I ჯგუფში გადავიდნენ. მათი მომდევნო სამი მეტოქის ვინაობა ჯერ უცნობია."

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები

