საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა დრამატულ და დაძაბულ შეხვედრაში ესპანეთი 91:89 დაამარცხა და გულშემატკივრებს დაუვიწყარი გამარჯვება აჩუქა.
მატჩი თავიდანვე ესპანელთა დიდი უპირატესობით დაიწყო და მეორე ტაიმშიც ასე გაგრძელდა.
მე-3 მეოთხედში სტუმრები 22-ქულიანი სხვაობითაც იგებნდნენ, თუმცა საქართველოს ნაკრებმა თამაშის მოტრიალება საოცრად შეძლო და საბოლოოდ იმარჯვა კიდეც.
მატჩის მთავარი გმირი თორნიკე შენგელია გახდა, რომელმაც საოცარი ინდივიდუალური თამაში აჩვენა.
საქართველოს კაპიტანმა 37 ქულა, 10 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. შენგელიამ მოედანზე 44 წუთზე მეტი გაატარა, 24-დან 13 სროლა ჩააგდო, მათ შორის 11-დან 6 სამქულიანი და გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა.
შესანიშნავი მატჩი ჩაატარა მარკის რიდმაც, რომელმაც 32 ქულა, 3 მოხსნა და 7 ასისტი მიითვალა. რიდმა 21 სროლიდან 12 გამოიყენა და ესპანელი მცველებისთვის მუდმივი საფრთხე შექმნა.
ესპანეთის რიგებში ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ვილი ერნანგომესი იყო 19 ქულითა და 8 მოხსნით. ალბერტო კარდენასმა 14 ქულა და 4 ასისტი დააგროვა, ხოლო მარიო სენ-სუპერიმ 13 ქულით დაასრულა შეხვედრა.
გარდა იმისა, რომ საქართველოს ნაკრებმა გამარჯვება საოცარ ვითარებაში მოახერხა, უკრაინასთან მარცხის შემდეგ, ეს მოგება კიდევ უფრო განსაკუთრებულია.
ეს მოგება ჩვენს გუნდს შემდეგ საკვალიფიკაციო ჯგუფში გადაჰყვება და ჯიკიჩის გუნდი მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრისთვის ბრძოლას გააგრძელებს.