FIBA-მ ევროპული საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი რაუნდის საუკეთესო მოთამაშეები დაასახელა.
2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ევროპული საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი რაუნდის MVP-ის ჯილდო მარიო ჰეზონიამ მოიპოვა. ასევე დასახელდა სიმბოლური ხუთეული.
ჯილდოები წელს პირველად დაწესდა და პირველი რაუნდის საუკეთესო მოთამაშეებს გადაეცათ. ჯილდოს მისაღებად აუცილებელი იყო, რომ კალათბურთელს 6 მატჩიდან მინიმუმ ოთხში მიეღო მონაწილეობა.
პირველი რაუნდის MVP მარიო ჰეზონია სიმბოლურ ხუთეულშიც მოხვდა, სადაც მასთან ერთად იტალიელი ნიკო მანიონი, თურქეთის ნაკრების ვარსკვლავი ტარიკ ბიბეროვიჩი, პოლონელი მატეუშ პონიტკა და საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია შეიყვანეს.
თორნიკე შენგელია საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში საკვალიფიკაციო ეტაპის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე იყო.
განსაკუთრებით დასამახსოვრებელი ესპანეთის წინააღმდეგ დამატებით დროში მოპოვებული გამარჯვება აღმოჩნდა, რომელშიც ქართველმა ვეტერანმა 37 ქულა და 10 მოხსნა დააგროვა - შედეგი, რომელიც ქართველ გულშემატკივრებს დიდხანს ემახსოვრებათ.
შენგელიამ პირველი რაუნდი საშუალოდ 21.3 ქულით, 7.2 მოხსნით, 2.5 შედეგიანი გადაცემით, 1.8 ჩაჭრითა და 1.2 დაფარებით დაასრულა.