საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები 13 აგვისტოდან მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ჯგუფური ეტაპისთვის იწყებს მზადებას.
28 აგვისტოს საქართველოს ნაკრები თბილისში მონტენეგროს უმასპინძლებს, ხოლო 31 აგვისტოს სტუმრად პორტუგალიას დაუპირისპირდება.
მოახლოებული მატჩებისთვის მთავარმა მწვრთნელმა, ალექსანდრ ჯიკიჩმა, 15 კალათბურთელი დაასახელა, საიდანაც უშუალოდ სათამაშო განაცხადში 12 მოთამაშე მოხვდება.
საქართველოს ნაკრები საწვრთნელ შეკრებას სრულად თბილისში გაივლის და ოფიციალურ შეხვედრებამდე ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს.
პირველი სპარინგ-მატჩი 19 აგვისტოს, თბილისში, ოთარ ქორქიასა და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის სპორტის სასახლეში გაიმართება, სადაც ჩვენი გუნდი ლიბანის ნაკრებს უმასპინძლებს. მეორე ამხანაგურ მატჩში საქართველო ისრაელს დაუპირისპირდება.
წინა ფანჯრისგან განსხვავებით, ამჯერად ნაკრებს სანდრო მამუკელაშვილი დაეხმარება.
საქართველოს ნაკრები მეორე ჯგუფურ ეტაპს მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებით იწყებს.
საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში ჩვენი გუნდი სულ 6 შეხვედრას გამართავს. ექვსგუნდიანი ჯგუფიდან 3 საუკეთესო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს.
