თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, ალექსანდარ ჯიკიჩის ხელმძღვანელობით 15 კალათბურთელი შეიკრიბა, შეკრებაზე გამოცხადდა ყველა მოთამაშე, რომელიც სერბმა სპეციალისტმა გამოიძახა:
მარკის რიდი, რატი ანდრონიკაშვილი, გიორგი ორჩიკიძე, დუდა სანაძე, გიორგი კობახიძე, კახა ჯინჭარაძე, ალექსანდრე ფევაძე, სანდრო მამუკელაშვილი, თორნიკე შენგელია, ბექა ბურჯანაძე, გიორგი კორსანტია, ალექსანდრე მერკვილაძე, გიორგი ტურძილაძე, ვილი ისიანი და გოგა ბითაძე.
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ შესარჩევი ჯგუფში ესპანეთისა და უკრაინის შემდეგ მე-3 ადგილი დაიკავა და მომდევნო ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
ჯგუფიდან გასული 3 გუნდი D ჯგუფიდან გასულებთან (მონტენეგრო, პორტუგალია, საბერძნეთი) გაერთიანდა და 6-გუნდიანი ჯგუფი შეიქმნა.
პირველ ეტაპზე დაგროვებული ქულები გუნდებს ახალ ჯგუფში გადაჰყვებათ. მომდევნო 6 თვეში ნაკრებები ახალ მეტოქეებთან 2-2 მატჩს გამართავენ.
საქართველოს მოუწევს საბერძნეთთან, მონტენეგროსთან და პორტუგალიასთან შეხვედრები, რომლებიდანაც ორს 28 და 31 აგვისტოს - შესაბამისად, მონტენეგროსთან (თბილისში) და სტუმრად პორტუგალიასთან ჩაატარებს.
ოფიციალურ მატჩებამდე საქართველოს ნაკრები 2 სპარინგ-მატჩს გამართავს: პირველს, 19 აგვისტოს, ლიბანის ნაკრებს დახურულ კარს მიღმა ეთამაშება, ხოლო 23-ში, ისრაელთან მატჩს გულშემატკივრებიც დაესწრებიან.