საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ახალი ამერიკელი, ნატურალიზებული კალათბურთელი ჰყავს.
მარკის რიდი საქართველოს ნაკრების ღირსებას დანიასთან მოახლოებულ მატჩებში – 27 თებერვალს და 2 მარტს დაიცავს. ახალი ამერიკელის დამატების აუცილებლობა მას შემდეგ გახდა, რაც გაირკვა, რომ კამარ ბოლდუინი ტრავმის გამო ჩვენს გუნდს ვერ დაეხმარებოდა.
მარკისი თურქული ტრაბზონსპორის უკანახაზელია. აღსანიშნავია, რომ რიდი 2023/24 და 2024/25 წლებში თურქეთის ლიგის საუკეთესო მექულე გახდა. 2024/25 წელს ის FIBA Europe Cup-ის საუკეთესო მექულეც გახდა და თურქეთის ლიგის MVP-ის ტიტულიც დაიმსახურა.
მიმდინარე სეზონში რიდი ბომბარდირთა დავაში ისევ პირველია. 2025-26 წლების სეზონში მას თურქეთის ლიგაში 20 მატჩი აქვს ჩატარებული და საშუალოდ 23.25 ქულასა და 5.15 პასს აგროვებს.
მარკის რიდის ნაკრებში ჩამოსვლა ტრაბზონსპორის თასზე ნაჩვენებ შედეგზეა დამოკიდებული. თურქული გუნდი 17 თებერვალს ტურკ ტელეკომს ხვდება და თუ დამარცხდა, რიდი მეორე დღეს თბილისში გამოემგზავრება. თუ იმარჯვა, შემდეგი მატჩიც ექნება და ასეთ შემთხვევაში ის სავარაუდოდ დანიაში, საქართველოს ნაკრების სხვა ლეგიონერებთან ერთად ჩავა.
რიდმა კლემსონის უნივერსიტეტის გუნდში თამაში 2019 წელს დაასრულა და მას შემდეგ, რაც NBA-ს დრაფტზე არ აირჩიეს, პროფესიული კარიერა ევროპაში დაიწყო. მისი პირველი გუნდი ფრანგული როანი იყო, რის შემდეგაც უკრაინულ პრომეთეიში გამოდიოდა.
შემდეგ იყო ისევ ფრანგული კლუბები – ნანტერი 92, გრაველინი, იტალიური ბრინდიზი და 2023 წლიდან რიდი თურქეთში გადაბარგდა: ბუიუქჩეკმეჩი, თოფაში და ამ სეზონიდან ტრაბზონსპორი.